თავი ვიტიროთ თუ მძარცველი დედის საცოდავი შვილები?!

რაც უნდა გაგვიკვირდეს, სასაფლაოების ძარცვის საქმე გახსნილია…  და კიდევ უფრო, რაც უნდა გაგვიკვირდეს, მძარცველი გახლავთ ახალგაზრდა ქალი ფოთიდან; სამი შვილის დედა. იგი სამივე შვილთან ერთად ეწეოდა ამ ამაზრზენ საქმიანობას. შვილების ასაკს რომ გაიგებთ, უთუოდ აღშფოთდებით _ 5 წლის; 7 წლის; 11 წლის;   როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვატყობინებენ, სწორედ მათი დახმარებით გაძარცვა ქალმა ოცდაათზე მეტი სასაფლაო. კიდევ უფრო აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია, რომ იგი ერთხელ უკვე ნასამართლევია სასაფლაოს ძარცვის საქმეზე. წინასწარი ინფორმაციით დამნაშავეს პატიმრობას არ შეუფარდებენ, რადგან იგი მცირეწლოვანი შვილების დედაა. აჰა, ეს მესმის, მაგრამ, ვფიქრობ მან პასუხი უნდა აგოს, სხვა უფრო დიდ დანაშაულზე. შვილების ზნეობის, ფსიქიკის გაუკუღმართების საქმეზე. დედა, რომელიც შვილებს მძარცველის  ფსიქიკით ზრდის; დედა, რომელიც აიძულებს მცირეწლოვან შვილებს იქურდონ, უდავოდ დასასჯელია;
პირველი განწყობა, როდესაც ვიგებთ, რომ ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქურდობს, გაკვირვებასთან ერთად შეცოდებაა… მაგრამ მცირეხნიანი დაფიქრების და ანალიზის შემდეგ ეს განწყობა გიქრება, რადგან _ სრულიად ჯანმრთელი ქალი, რომელსაც ჰყავს საკუთარი ავტომაქანა, არის ჯან-ღონით სავსე, შესაბამისად საკუთარი ძალით შეუძლია სასაფლაოს დაბეტონებული ღობეების მონგრევა, მერე გარკვევა სად მიიტანოს, რა გზით შეძლოს ნაძარცვის, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაბარდეს საბუთის გარეშე. (მეორე საკითხია რა ღონისძიებას მიიღებს შესაბამისი ორგანო იმ ხალხის მიმართ, ვინც ნაძარცვი ჩაიბარა. საინტერესოა, მათაც მცირეწლოვანი შვილები აღმოაჩნდებათ?!) ასეთმა ქალმა რატომ არ მოიფიქრა სხვა საქმე? იოლი გზით ცხოვრება გადაწყვიტა?! ესე იგი, ის ბუნებით არის ქურდი და არ შეიძლება შევჩერდეთ იმ აზრზე, რომ გარემოებებმა აიძულა ამ გზამდე მისვლა. ვაი, ასეთ იოლ ცხოვრებას, ვაი ასეთ დედას!

ათობით ოჯახია დაზარალებული. მატერიალურს რომ თავი დავანებოთ, მათ მორალურ ზარალს ვინ აანაზღაურებს? სახელმწიფო, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანების უფლებებს? მოკვლეული და დადასტურებული გვაქვს, რომ დაზარალებულ ოჯახებს შორის უმრავლესობა მატერიალურად შეჭირვებულია. ისინი როგორ შეძლებენ მშობლიური საფლავების აღდგენას?! (თუნდაც მათ ეს მომსხვრეული ღობეები დაუბრუნდეთ.)

მოკლედ, ფაქტი ერთია, ვერ გადაგვიწყვეტია, თავი ვიტიროთ თუ იმ მძარცველი დედის საცოდავი შვილები, მშობელმა დედამ საშვილიშვილო ცოდვისთვის რომ გაიმეტა, რომლებიც სამუდამოდ დაღდასმული ივლიან ამ ქვეყანაზე.
და ბოლოს, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის განყოფილებას დროული და ეფექტური ქმედებისთვის.

წყარო:”ჰო და არა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share