ნატო-ს სამიტის შემდეგ, ბრიუსელში ჯო ბაიდენი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. პირველი პირების მიერ შედგენილ განცხადებაში კი ვკითხულობთ,რომ ამერიკა-ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებს.
რა შემხვედრ ნაბიჯებს დგამს ქართული ოცნების ხელისუფლება იმისთვის,რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული მოკავშირე საქართველო იყოს? – საქართველოს პრემიერმინისტრმა პასუხის ნაცვლად ზურგი გვაქცია.
იმისთვის რომ დასავლეთმა რეგიონში გავლენები მნიშვნელოვნად დაიბრუნოს, ყველაზე სწრაფი და სწორი გზა საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება იქნება – ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლებაა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას აწარმოებს.
ბრიუსელსა და ჟენევაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრების პარალელურად კი აშშ-ში ნაციონალური მოძრაობის დელეგაციის ვიზიტი უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. მთავარი ოპოზიციური პარტია სტრატეგიულ მოკავშირეებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აცნობს.
საქართველო გახდება ნატოს წევრი – წერს ალიანსის 30 წევრი ქვეყნის ლიდერი სამიტის დასკვნით კომუნიკეში, თუმცა ალიანსში გაწევრიანება შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული რეფორმების გატარებასა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.