ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
“ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია გამახვილებული იყოს, ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადების კონტროლის ცენტრიდან. აუცილებელია, სოციალური დისტანცია და პირბადე, რა თქმა უნდა. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. აღსანიშნავია, სადაც საჭიროება მოითხოვდა, რეგიონებში ბრიგადების დამატება მოხდა და ეს გაგრძელდება. უკვე ჩვენ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია, როგორც “მოდერნაზე”, ასევე “ჯონსონ ჯონსონსა” და „ნოვოვაქსზე“. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ“, – განაცხადა მინისტრმა.
მანვე ე.წ. ინდურ შტამთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის დადასტურებული 18 შემთხვევაა, თუმცა არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ მისი გავრცელება გაცილებით მეტი იყოს.
„ამ ეტაპისთვის ჩვენ დადასტურებული 18 შემთხვევა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლევას ვაგრძელებთ. არსებობს გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მისი გავრცელება გაცილებით მეტი იყოს. ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, რომ ე.წ. ინდური შტამის გავრცელება გაცილებით სწრაფია“, – განაცხადა ტიკარაძემ.