ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი” ნიუ იორკში, „ტრაიბეკას” საერთაშორისი კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია „ტრაიბეკას” კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მეოთხე ბრაიტონი” ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.
კინოსურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. „მეოთხე ბრაიტონის” თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.
როგორც კინორეჟისორმა განაცხადა, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო სცენარისთვის.
„მთავარი პრიზები წამოვიღეთ, მოგვაქვს საქართველოში. მიხარია და ვულოცავ ქართულ კინოსაზოგადოებას, რადგან მე ნაწილი ვარ ამ საზოგადოების და მგონია, რომ ჩვენი წარმატებები ყველას წარმატებაა”, – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა “პირველ არხთან”.
მისივე თქმით, „მეოთხე ბრაიტონი” ბოლო კინოროლი იყო კახი კავსაძისთვის.
„ტრაიბეკა” დამოუკიდებელი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც ტარდება ნიუ იორკში. დაარსდა 2002 წელს ჯეინ როზენთალის, რობერტ დე ნიროსა და კრეიგ ჰატკოფის მიერ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ.