საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მოკვლევით, სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილი დარღვევებისა და ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის გასამართლებულმა ოთხმა პირმა, 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 442 197 ლარი მიიღო.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს ადამიანები არიან:
ნოდარ ბალახაშვილი
ნოდარ ბალახაშვილს, 2014-2018 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი ამავე საკითხებში მერის, ზაზა მელიქიძის მრჩეველი იყო. თვითმმართველობაში თანამდებობის დაკავებამდე, ნოდარ ბალახაშვილი საპროექტო კომპანია, შპს „მშენსერვისი 2012“-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მან კომპანია სიძეს (შვილის ქმარს), დავით ზედგინიძეს გადასცა.
თამაზ პეტაშვილი
კიდევ ერთი პირი ვინც, ე.წ. რვა ქუჩის საქმეზე, 2018 წლის დასაწყისში, ნოდარ ბალახაშვილთან ერთად პასუხისგებაში მისცეს, შპს „მესხეთავტოგზას“ დირექტორი და 12% წილის მფლობელი თამაზ პეტაშვილია. „მესხეთავტოგზა“ 2017 წელს, როგორც შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი, ახალციხის ქუჩებში ასფალტს აგებდა. საქმის მასალების მიხედვით, „მესხეთავტოგზამ“ ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დააგო, ანგარიშგებისას კი გაზრდილი მოცულობები დააფიქსირა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სსკ-ის 210-ე მუხლით, რაც ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს, თამაზ პეტაშვილს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა.
დავით ჩაჩანიძე
შპს „რენესანსი 77“-ისა და შპს „ნიუ პროჯეკტის“ მფლობელი და დირექტორი დავით ჩაჩანიძე, 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს. მან სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგებაზეც დათანხმდა. საქმე 2015 წლის სექტემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტში შპს „ნიუ პროჯეკტის“ მიერ მოგებულ, 86 500 ლარის ღირებულების ტენდერს ეხებოდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.
გურამ ფარცახაშვილი
შპს „სამცხე – XXI“-ს 71,6 % წილის მფლობელი და დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, 2014 წლის აპრილში, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს. მას პირველი ინსტანციის სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მეორე ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე, ფარცახაშვილთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. საქმე 2013 წლის ივლისში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც „სამცხე – XXI“-ს, 54 800 ლარით, ახალციხეში, ასპინძის ქუჩის N28-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა.
TI-ის რეკომენდაციებია:
კორუფციისთვის გასამართლებული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარის მიღება ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.
აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი და ევროპის საბჭო საქართველოს ურჩევს, შეზღუდოს კორუფციასთან დაკავშირებული პირების სახელწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და ეს შეზღუდვები გავრცელდეს, როგორც კომპანიაზე, ასევე კომპანიის მესაკუთრეებზე.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ცვლილება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში, რომელიც კორუფციაში და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში გამოვლენილ კომპანიებს და მის მესაკუთრეებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას შეუზღუდავს მინიმუმ იმ ვადით, სანამ მათი ნასამართლეობა არ გაქარწყლდება.
სახელმწიფო შესყიდვებში კონტრაქტორ კომპანიებს უნდა აეკრძალოთ, ისეთი კომპანიის ქვეკონტრაქტორად გამოყენება, რომელთა მფლობელებიც კორუფციაში ან თაღლითობაში იყვნენ მხილებული.