ფორმულას ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე დედა და მამინაცვალი წლების განმავლობაში ძალადობდნენ. ფორმულას მიაწოდეს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მცირეწლოვანს კიდურები აქვს გაკოჭილი, სხეულზე ლურჯი ლაქები აღენიშნება და ხელები აქვს დამწვარი. შემზარავი ფოტოები ხელში დედის მეგობრებს შემთხვევით ჩაუვარდათ და დახმარება ტელეკომპანია ფორმულასგან ითხოვეს. ახალგაზრდა ქალები ამბობენ, რომ ძალადობის ამსახველი ფოტოების ავტორი მსხვერპლის დედაა. 7 წლის ბავშვს ხელები, სავარაუდოდ, დედამ დაუწვა. მისი მეგობრები ფორმულას უყვებიან, რომ მას შემდეგ, რაც მათი მეგობარი, დაახლოებით 3-4 წლის წინ მეორედ გათხოვდა, მისი და მისი შვილის კვალი დაკარგეს. მათი თქმით, მოძებნა ბევრჯერ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ორი კვირის წინ კი მათთან კონტაქტზე ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ნათლია გავიდა, რომლისგანაც უმძიმესი მესიჯები და ფოტოები მიიღეს. დედის მეგობრები აცხადებენ, რომ ძალადობის შესახებ ნაწილობრივ ინფორმაციას ფლობდა ბავშვის ნათლია, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც მშობლები ბავშვთან ურთიერთობის უფლებას პერიოდულად აძლევდნენ. “ეს ბავშვი, ჩვენი საერთო მეგობრის შვილი, ბოლო 3 წელია გამქრალია. სრული შოკი მივიღე, როდესაც ვნახე ამ ბავშვის ფოტოები, როგორ მდგომარეობაშიც იყო – დასახიჩრებული, ნაწამები. ბავშვის მამინაცვალი დედას აიძულებდა, რომ შვილი ეცემა, ოღონდ თუ არ სცემდა უფრო უარესს მდგომარეობამდე მიიყვანდა თვითონ. შემდეგ ყველაფერი უნდა გადაეღო და ეჩვენებინა, რომ ნამდვილად გააკეთა. აიძულებდა, რომ ეცემა წყლის ბოთლით, რომელიც არ ტოვებდა სილურჯეებს, ოღონდ სამწუხაროდ ბავშვს სილურჯეებზე მეტი კვალი აქვს. ნათლიას ინფორმაცია ჰქონდა ამ ბავშვის ცემის შესახებ, თუმცა მერე დედისგან იცოდა, რომ მსგავსი აღარაფერი ხდებოდა. ერთ-ერთ წაყვანაზე ბავშვი ნათლიას სთხოვდა, რომ უკან დედასთან არ წაეყვანა. ბავშვი სკოლაში უნდა დადიოდეს მაგრამ არ დადის”, – ამბობს ფორმულასთან საუბარში დედის ერთ-ერთი მეგობარი. კიდევ ერთი მეგობარი აცხადებს, რომ ბავშვის ფოტოების გავრცელების შემდეგ ის ვერ იცნო, რადგან მცირეწლოვანი “ძალიან გამხდარი იყო”. “საერთო ჯგუფი გვაქვს მესენჯერში, სადაც ჩაყარეს სურათები. იკითხა ვინ იცნობს ამ ბავშვს. მე ვერ ვიცანი, რადგან ძალიან გამხდარია და შეცვლილია. ასეთი გამხდარი ეს ბავშვი არ მახსოვს”, – თქვა მან. მომხდარზე გამოძიება გუშინ დაიწყო. ფორმულამ დედის კიდევ ერთ მეგობარს მიაკვლია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოწმეა და გუშინ დაიკითხა. დედა და მამობილი გუშინვე დააკავეს, ხოლო ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. არასრულწლოვან ძმებზე დღეიდან სახელმწიფო იზრუნებს. მშობლები მძიმე ბრალის მოლოდინში წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. ჯერ უცნობია აღიარებენ თუ არა მშობლები ბავშვზე ძალადობას. დანიშნულია ბავშვების ექსპერტიზაც.