ყველაფერი დები იშხნელების შესახებ

მათი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა და თავადაც იქ გაიზარდნენ, არქიელის გორაზე. ახლა იმ ადგილს მათი სახელი ჰქვია. იქვე მემორიალური დაფაც გაუკეთეს ქუთაისლებმა, ხოლო ცენტრალურ პარკთან ძეგლიც დაუდგეს – ორი და ზის… ისინი თავიანთი სიმღერებით მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცნენ… ოთხი და – ოთხი ლეგენდა… დები იშხნელები – თავიანთი სიმღერებით მე-20 საუკუნის ქართველი ერის ისტორიის ნაწილად რომ იქცნენ.

მეოცე საუკუნის ლამის მიწურულამდე მხოლოდ ერთმა დამ – თამარმა მიაღწია. მახსოვს კიდეც მისი

გამოსვლები, მისი სიმღერა, გამორჩეული ხმის ტემბრი. ალბათ, განსაკუთრებით კიდევ უფრო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მათზე ბებია მიყვებოდა. ბებია და მისი 6 დაც – ლეჟავას ქალები მომღერლები იყვნენ, ჭიათურიდან, ოღონდ ისინი სანდრო კავსაძის გუნდში მღეროდნენ. სამწუხაროდ, ბებიებმა ახალგაზრდა დისშვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ სიმღერაზე უარი თქვეს, ამიტომ ჩვენ,

უმცროს შვილიშვილებს ყველა და არც გვახსოვს, მით უფრო – მათი ერთად ნამღერი არც მოგვისმენია. მხოლოდ რამდენჯერმე ჩემმა ორმა უძვირფასესმა ბებიამ – ალექსანდრამ (იგივე გოგუცამ) და მისმა დამ მარიამმა (იგივე ვარომ), ცალ-ცალკე იმღერეს ჩემთან. ალექსანდრას ხმა და მოგონებები ჩავიწერე კიდეც. სწორედ იგი მომიყვა ერთ დიდ წვეულებაზე იშხნელებთან სიმღერაში გაპაექრების ამბავს, რომელიც ლამის კონცერტში გადაზრდილა. ჩემი ბებიაც, რომელიც თამარ იშხნელის თანატოლი იყო, დებს შორის უკანასკნელი გარდაიცვალა და სწორედ იმ წელს, როდესაც ქალბატონი თამარ იშხნელი – ორივენი 96 წლისა და 1994-ში. დები ლეჟავების ამბავს სხვა დროს გიამბობთ, ამჯერად კი დებ იშხნელებს გავიხსენებ, ადამიანებს, ვინც სიმღერას არ უღალატა და შთამომავლობას ლეგენდად დაუტოვა თავისი შემოქმედება და სახელი.

წლების წინ წილად მხვდა ბედნიერება, ქალბატონი თამარ იშხნელის ასაკოვან ქალიშვილს, განუმეორებელი შემოქმედის – მომღერლის, კომპოზიტორის, ინსტრუმენტალისტის, მწერლის, მხატვრის – მანანა მენაბდის დეიდას, ჯანიკო გორთამაშვილს შევხვედროდი. დები იშხნელების ამბებიც მაშინ სწორედ მისგან მოვისმინე. კარგა ხანია, ლეგენდად ქცეულ მომღერალ დებზე არსად წამიკითხავს და ვიფიქრე, მათი ამბავი კიდევ ერთხელ გამეხსენებინა.

“გულიდან მომღერლები”

იშხნელის გვარი უძველესი წარმოშობის ყოფილა და იშხნის მონასტერს უკავშირდება. საუკუნეების წინ არაბებისგან დანგრეული მონასტერი გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილს – ნეტარ საბას აღუდგენია, რის შემდეგაც მას გვარად იშხნელი უწოდეს. სწორედ იმ იშხნელის შთამომავალი იყო, თურმე, ალექსანდრე იშხნელი, მომღერალი დების მამა, რომელსაც ცოლად ჰყავდა საოცრად მუსიკალური ქალბატონი – ვასასი ლოლაძე.

ალექსანდრესა და ვასასის შვიდი ქალიშვილი და სამი ვაჟი ჰყავდა და ყველა მათგანი მღეროდა – ზღაპრული, ხავერდოვანი ხმები ჰქონიათ. ორი ძმა – ვანიჩკა და ვალოდია კაპელაშიც მღეროდნენ, არადა, ვალოდია პროფესიით მეტყევე ყოფილა. მესამე ძმა – ალექსანდრე ახალქალაქში ერთ-ერთ პოლკს მეთაურობდა, დებს კი, შვიდივეს, გიმნაზია ჰქონია დამთავრებული. ყველა გათხოვილი ყოფილა, მაგრამ ორ მათგანს შვილები არ ჰყოლია. დანარჩენების შვილები კი, თურმე, ძალიან კარგად მღეროდნენ, მაგალითად, ქალბატონი მანანა მენაბდის დედას – ლილის უნიკალური ხმა ჰქონია, საოპერო… მახსოვს, ქალბატონმა ჯანიკომ კი მითხრა, მე არ მქონდა ხმა, სამაგიეროდ, ყველა სიმღერის ტექსტი და მელოდია ვიცოდი. დედა სულ მეუბნებოდა, გარეგნობით კი დამემსგავსე, მაგრამ რა იქნებოდა, ჩემი ხმაც გამოგყოლოდაო. თუმცა ისიც მახსოვს, ქალბატონმა ჯანიკომ ქუთაისში, იშხნელების საღამოზე რომ იმღერა, ბევრმა მისი ხმა ქალბატონი თამარისას მიამსგავსა. ეს რომ შევახსენე, მორიდებით მიპასუხა, – კი ვიმღერე, მაგრამ იშხნელებს რომ შეეფერებოდათ, ისეთი ხმა არ მაქვსო…
ნინო, თამარ, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელების კვარტეტი

ფოტო: ნინო, თამარ, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელების კვარტეტი
fb

ეს საოცარი ქალბატონები – დები იშხნელები ძალიან სადა ადამიანები ყოფილან, უშუალობითა და უბრალოებით გამოირჩეოდნენ. ანსამბლს, თურმე, ქალბატონი თამარი ხელმძღვანელობდა. სიმღერებსაც ის წერდა, ხმებშიც ის შლიდა და რეპეტიციებიც თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე, მის სახლში ტარდებოდა, თანაც განსაზღვრულ დღეებსა და განსაზღვრულ საათებში. ქალბატონი ჯანიკო მიამბობდა, სკოლიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, სარეპეტიციო ოთახში, ჩაცუცქული ვუსმენდი მათ სიმღერას. მაშინ ბავშვი ვიყავი და მართალია, ძალიან მომწონდა, მაინც ვერ აღვიქვამდი, ვის ვუსმენდი და რა ხმებსო. რამდენჯერმე უკითხავს კიდეც დედისთვის, როგორ ახერხებთ ასე შეწყობილად მღერასო, ეს უკანასკნელი კი ღიმილით პასუხობდა, – ჩვენ ყელიდან კი არ ვმღერით, გულიდან ვმღერითო. ყველაფერთან ერთად სწორედ ამ გულიდან ნამღერის მოსასმენად იკრიბებოდა მათ ოჯახში შესანიშნავი საზოგადოება – გალაკტიონი, ემანუილ აფხაიძე, ირაკლი აბაშიძე, კოლაუ ნადირაძე და სხვებიც, ძირითადად მაინც ის მწერლები, ვინც ქალბატონი თამარის სიმღერებისთვის ლექსებს წერდნენ.

სალონური საღამოები არქიელის გორაზე

ვიდრე იშხნელების დიდი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა, ალექსანდრე იშხნელისა და ვასასი ლოლაძის სახლში, არქიელის გორაზე, თურმე, ულამაზესი სალონური შეხვედრები ეწყობოდა. მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, შალვა დადიანი, ვანო სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, კოლაუ ნადირაძე, პაოლო იაშვილი, კოკი დადიანი, ნიკო ფაღავა, ვარინკა წერეტელი და, რასაკვირველია – გალაკტიონი. სწორედ იქ იმართებოდა პოეზიისა და მუსიკის საღამოები.

 

იშხნელებთან პირველი შეხვედრა დიდ რეჟისორს – მიხეილ ჭიაურელსაც აღუწერია თავის მოგონებებში: “მსახიობად მიმიწვიეს ქუთაისში და ცოტა ხანში ამ მშვენიერი ქალაქის პოპულარულ მსახიობად ვიქეცი. წავიკითხე აფიშა, რომ ქუთაისში ვანო სარაჯიშვილი ჩამოდიოდა. რა თქმა უნდა, საოცრად გამეხარდა… მანაც იცოდა, რომ მე ქუთაისში ვიყავი და ჩამოსვლისთანავე მომნახა… კონცერტის შემდეგ ვახშმად მიგვიწვიეს. შევქეიფიანდით და სიმღერა დავიწყეთ… სრულიად მოულოდნელად ჩვენ წინ ჩამოდგა ოთხი გოგონა. მოულოდნელადვე დაიბადა საოცარი, ზღაპრული ჰანგები… ჩვენ პირველად გავიგონეთ მშვენიერი სიმღერები: “სალამურმა დაიკვნესა”, “ტურფავ, ტურფავ” და სხვები. ეს გოგონები იყვნენ დები იშხნელები. როცა მერე ვანოს ვთხოვე, იმღერე-მეთქი, მითხრა: რას ამბობ, ბიჭო, ამათი სიმღერის შემდეგ ჩვენი სიმღერა ვის რად უნდაო”…

ამ ამბის შემდეგ ვანო სარაჯიშვილი ძალიან დამეგობრებია იშხნელების ოჯახს. თბილისშიც ხშირად იკრიბებოდნენ, გიტარის თანხლებით მრეროდნენ: “ქალო, გნახე ფეხშიშველი”, “თავო ჩემო” და ა.შ. სარაჯიშვილი, თურმე ხშირად ეუბნებოდა ქალბატონ თამარს, რომელიც შესანიშნავად ჰბაძავდა მას: ნეტავ, ვაჟად გაჩენილიყავ, ჩინებული შემცვლელი მეყოლებოდიო.

გიმნაზიიდან გარიცხულები და აცრემლებული გალაკტიონი

სიმღერებს დებ იშხნელებს დედა – ვასასი ლოლაძე ასწავლიდა. იგი იყო გოგონების ლოტბარი. ქალიშვილები ხშირად იხსენებდნენ, ტურმე, როგორც კი დედა თავისუფალ დროს მოიხელთებდა, გვერდით შემოგვისხამდა და ასე იწყებოდა ჩვენი სიმღერის გაკვეთილები. თავადაც მღეროდა და ჩვენც გვამღერებდა, გვასწავლიდა გიტარაზე დაკვრას და ქართულ სიმღერებს, გვიმუშავებდა ხმებსო, მაგრამ…

 

იმ პერიოდში, თურმე, დებს საზოგადოებაში სიმღერა ეკრძალებოდათ. ისინი ხოჯევანოვის გიმნაზიაში სწავლობდნენ და წმ. ნინოს სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდნენ. მათი სიმღერისთვის “ნაჩალნიცას” ყური რომ მოეკრა ან გოგონები სადმე გიტარით დაენახა, გიმნაზიიდან გარიცხვა არ ასცდებოდათ. 1909 წელს ნოე ჟორდანიას მეუღლეს უთხოვია, ქუთაისის თეატრში, საქველმოქმედო საღამოზე მინდა, იმღეროთო. ბავშვებს შეშინებიათ, ამიტომ გასვლის წინ შუქი ჩაუქრიათ და შალვა დადიანს გოგონები ხელჩკიდებული გაუყვანია სცენაზე. “ციცინათელათი” დაუწყიათ და სულიკოთი” დაუსრულებიათ, სულ ათი სიმღერა უმღერიათ სიბნელეში. ხალხი მაინც მიმხვდარა, – იშხნელების ბავშვები მღერიანო. ტაშით დაუნგრევიათ დარბაზი, ბისზეც კი გაუყვანიათ. რა თქმა უნდა, “ნაჩალნიცასაც” შეუტყვია ეს ამბავი და გოგონები მეორე დღესვე გაურიცხავთ გიმნაზიიდან, მაგრამ მამას მაინც მოუხერხებია მათი აღდგენა. ამ ამბის შემდეგ ხშირად ხუმრობდნენ, თურმე, – იშხნელების ოჯახში სკამებიც მღერიან და, აბა, ბავშვებს რა გააჩუმებდათო. ქალბატონი თამარი სამივე ხმას მღეროდა და მუსიკასაც წერდა. ალბათ, გიმღერიათ ან – გიღიღინიათ მაინც სიმღერა “ყოველ სნეულებაზე, სიყვარული ძნელია” (მისი სახელწოდებაა “ყმაწვილ ქალს”…), რომლის მელოდიაც, გამოვტყდები და, არც კი ვიცოდი, თამარ იშხნელის თუ იყო.
თამარ იშხნელი შვილიშვილებთან - თინა და მანანა მენაბდეებთან ერთად

ფოტო: თამარ იშხნელი შვილიშვილებთან – თინა და მანანა მენაბდეებთან ერთად
fb

 

წარმოვიდგინე, რა ზღაპრული ანსამბლი იქნებოდა, დებთან ერთად ძმებსაც რომ ემღერათ, მაგრამ, რატომღაც, კაპელის შემდეგ ძმებს სცენაზე სიმღერა აღარ გაუგრძელებიათ. არადა, თურმე, ვალოდია იშხნელი თბილისში, ქალბატონი თამარის ოჯახს რომ შეუვლიდა ხოლმე, კარიდანვე მიუმღერებდა: “წვიმა, ქარი… ქარი ქრის და წვიმსო”… და თამარიც მიესიყვარულებოდა, – შენ შემოგევლე, ვალოდიაო და… იშლებოდა, სუფრა, მიუსხდებოდა ყველა და იწყებოდა სიმღერა, რომლის მოსმენას, ალბათ, არც არაფერი სჯობდა!

 

მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძეს ქუთაისში პირველად რომ მოუსმენია დები იშხნელებისთვის, ქვითინი დაუწყია, – ეს რა მოვისმინეო! ისინი ძალიან უყვარდათ საქართველოში და იმიტომაც უძღვნიდნენ ლექსებსა და წიგნებსაც კი. ისინი უყვარდათ საზღვარგარეთაც. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დები ხშირად მღეროდნენ ჰოსპიტლებსა და ჯარის ნაწილებში და უცხოელი მეომრებისგანაც იღებდნენ, თურმე, წერილებს. დები სტალინსაც მიუწვევია. პირველად გაგრაში ყოფილან, ვიღაც უცნობი მამაკაცი რომ წამოსწევიათ მანქანით და უთქვამს, – სოჭში უნდა წამობრძანდეთ, სტალინი გელოდებათო. მაშინ პირისპირ შეხვედრიან სტალინს და მისთვის უმღერიათ. მეორედ, 1953 წელს კრემლის სვეტებიან დარბაზში გამოსულან, მაშინაც სტალინის მიწვევით, მაგრამ ეს უკანასკნელი აღარ უნახავთ, უკვე შეუძლოდ იყო და რამდენიმე დღეში გარდაცვლილა კიდეც.

 

1968 წელს – ერთ წელიწადში სამი და გარდაცვლილა. ქალბატონ თამარმა აღარ მოისურვა დების გარეშე სიმღერა, მაგრამ ბოლოს, ბატონი რეზო თაბუკაშვილის, ქალბატონი მედეა ჯაფარიძისა და ბატონი მერაბ თაბუკაშვილის დიდი ძალისხმევით მაინც გამოდიოდა და მღეროდა – თავდაპირველად მარტო, შემდეგ შვილიშვილებთან – მანანა და თინა მენაბდეებთან ერთად, რამდენჯერმე მესამე შვილიშვილთან – ოტო გორთამაშვილთან ერთადაც იმღერა… თაობების აღზრდაც მოასწრო. მისი მოსწავლეები იყვნენ – ნუკრი კაპანაძე, ანსამბლ “თაიგულის” მომღერლები, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა… ქალბატონი თამარის შვილთაშვილია რეჟისორი განო მელითაური, რომელსაც კარგად ახსოვს ბებია და მისი სიმღერა, თუმცა თავად სცენაზე არ მღერის, მაგრამ წინაპრების ნიჭი მასაც უდავოდ გამოჰყვა…

თამარ იშხნელს კი, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია სცენა და სიმღერა… როგორც გითხარით, იგი 1994 წელს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

https://www.kvirispalitra.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share