იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებს

მნიშვნელოვანია, რომ ახლა პარლამენტმა დანერგოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიამ გუშინ წარმოადგინა – მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებული ვერსიის შესახებ, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი პლენარულ სესიამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს, სწორედ ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების კანონპროექტში ასახვისთვის გამოიყენებს.

„ვენეციის კომისია საპატივცემულო ორგანიზაციაა, რომელიც თავის სამუშაოს ძალიან სერიოზულად უდგება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა საკანონმდებლო პროექტი ვენეციის კომისიას მიმოხილვისთვის გაუგზავნა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახლა პარლამენტმა დანერგოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ორგანიზაციამ გუშინ წარმოადგინა. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ საკვანძო ასპექტები არ იყო შეტანილი კანონპროექტში და საჭიროებს შეტანას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი პლენარულ სესიამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს გამოიყენებს იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მიერ განსაზღვრული საკვანძო რეკომენდაციები ასახოს კანონპროექტში. ეს არის ის, რაც მოსახლეობას სჭირდება – როდესაც ოქტომბერში საარჩევნო უბნებზე მივლენ, უნდა დაინახონ, რომ მათი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ისე რომ, მათ ჰქონდეთ სრული რწმენა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით,”- განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, თუმცა რამდენიმე ელემენტი კვლავ გადასაწყვეტი რჩება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: