უახლესი ფოტო ოკუპირებული აფხაზეთიდან – ნახეთ, როგორ გამოიყურება თამარის, იგივე ბესლეთის ხიდი

ბესლეთის ხიდი ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს და ეს ფოტოც ქალაქ სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთზე არის გადაღებული. ხიდი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს, რომლის ხუროთმოძღვარს, როგორც ჩანს, ამ მდინარის თვისება კარგად ჰქონდა შესწავლილი.

 

ბესლეთის ხიდის ანალოგები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვაქვს, კერძოდ: რკინის თაღოვანი ხიდი ქართლში და დანდალოს ხიდი აჭარაში.

ხიდის დასავლეთ კიდეზე ამოტვიფრულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ბაგრატი, წარწერა დათარიღებულია X-XII საუკუნეებით.

მიუხედავად იმისა, რომ წარწერაში დასახელებულია მეფე ბაგრატი, ადგილობრივმა მოსახლეობამ თამარ მეფისადმი (ერთიანი საქართველოს მეფე 1184-1213) დიდი სიყვარულის დასტურად, ამ ხიდს თამარის ხიდი შეარქვა.

ინტერნეტგამოცემა “აფხაზეთის მოამბის” ცნობით, ბესლეთის ხიდის შესწავლა და მისი რესტავრირება შეუძლებელია.

ხიდი საჭიროებს გამაგრებას და მცენარეული საფარისგან გაწმენდას.

ამავე ინფორმაციით, ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share