ვიდეო: ხანჯლით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავის მოჭრით ემუქრებოდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხანჯლით შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე პირს თავს დაესხა.“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ტაქსის მძღოლს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.

თუმცა, თვითმხილველების თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება მას სხვა პირებთანაც ჰქონდა.

“მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო. აქ ერთი ბიჭი იყო ამ დროს და იმან უთხრა გაჩერდი, რა დღეში ხარო. შენც გიცნობ, იმასაც ვიცნობ, ორივეს მოგაჭრით თავსო ასე უპასუხა. გაჩერდა ეს კაცი, თორემ შეიძლება დაერტყა პასუხი რომ გაეცა”, – იხსენებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

თვითმხილველებმა მეგობრობის გამზირზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა 60 წლამდე კაცი ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა შეიარაღებული პირის იდენტიფიცირება მოგვიანებით შეძლეს.

სასწრაფომ მამაკაცი რუსთავის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ადგილების არქონის გამო ის სამედიცინო დაწესებულებაში არ მიიღეს და უკან გამოუშვეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, კაცი მოგვიანებით გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობას გააგრძელებს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share