ბუღაძე: ეროვნული თეატრი პუტინის მიერ კურთხეულ ფესტივალზე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას

მწერალი ლაშა ბუღაძე მეტრონომთან საუბრისას რუსთაველის თეატრის მიერ რუსეთში დაგეგმილ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეროვნული თეატრი პუტინის მიერ კურთხეულ ფესტივალზე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას.

ბუღაძის თქმით, რუსთაველის თეატრს ეროვნული სტატუსი აქვს და მის მიმართ ყოველთვის არის პრეტენზია, რომ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში ძალიან მკაფიო იყოს.

“ვფიქრობ, თეატრის მიმართ ყოველთვის არის განსაკუთრებული პრეტენზია და მოლოდინი, რომ ის იყოს ძალიან მკაფიო თავის სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში. მით უმეტეს, რომ რუსთაველის თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი აქვს. იმ ფესტივალზე მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის რეჟიმთან ბიუჯეტით უპირველეს ყოვლისა, მინიმუმ საქართველოს მიმართ ძალიან არაადეკვატურია ჟესტია, რომელიც ამ თეატრის მხრიდან არის გამოხატული. არსებობს სხვადასხვა პლატფორმები რუსეთში, რომელიც არ არის სახელმწიფო, რომელიც პუტინთანაა დაპირისპირებული და იქ კიდევ შეიძლება, გარკვეულწილად დაშვება იყოს, რომ რაღაც პლატფორმაზე წავიდეს რომელიმე ხელოვანი, მაგრამ საბოლოოდ, ესეც არ მესმის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცალსახაა, რომ ეროვნული თეატრი პუტინის მიერ კურთხეულ ფესტივალზე არ უნდა იღებდეს მონაწილეობას”, – ამბობს ბუღაძე.

მისი თქმით, ლაპარაკი იმის შესახებ, რომ პოლიტიკა და კულტურა სხვადასხვაა, სისულელე და ტყუილია, რომელიც ძალიან უყვართ ავტოკრატებს.

“ასე თქმა, რომ კულტურის წარმომადგენლებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, ეს არის სიცრუე. თეატრი ყოველთვის იყო პოლიტიკური, რუსთაველის თეატრიც ყოველთვის პოლიტიკური იყო და ყოველთვის რეაგირებდა პოლიტიკურ თემებზე. თუმცა, დღევანდელი სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ზოგადად, არ მიკვირს, რომ ის ბუნებრივად გრძნობს თავს მოსკოვის კონტექსტში”, – აცხადებს ბუღაძე.

რუსთაველის თეატრის დასი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით რუსეთში, ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში აპირებს მონაწილეობას და იქ რუსი მაყურებლის წინაშე გამართავს სპექტაკლს.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share