ივანიშვილი შემოძვრა თქვენს სახლებში, ჩაძვრა თქვენს ჯიბეში – მიხეილ სააკაშვილი

“მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი”, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა გაუგონარი თავხედობა ჩაიდინა და მას ეს არ უნდა შერჩეს. მისივე თქმით, თავის დროზე, მისი ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ ნანა დევდარიანს, არჩევნების გაყალბებისთვის, სამართლებრივად პასუხისგება არ მოუწია.

“მე ვფიქრობ, ჩვენი შეცდომა იყო მაშინ, რომ დევდარიანმა სამართლებრივად არ აგო პასუხი გაყალბებისთვის. გამყალბებლებმა ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აგონ პასუხი, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვა, რადგან ეს იგივეა, რომ ქურდი შემოვიდეს თქვენს სახლში და წაიღოს ყველაზე ძვირფასი, რაც გაქვს. ივანიშვილი შემოძვრა თქვენს სახლებში, ჩაძვრა თქვენს ჯიბეში და წაიღო მთავარი რამ – საქართველოს მომავალი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება თბილისში, ბათუმში, წყალტუბოში საოლქო კომისიებთან, 2003 წლის ვარდების რევოლუციისდროინდელ განწყობას ახსენებს:

“ის, რაც ხდება ახლა საოლქო კომისიებთან, მაგონებს 2003 წლის ვარდების რევოლუციის პერიოდს, მაგრამ რა თქმა უნდა, მას შემდეგ ქართული საზოგადოება არის გაზრდილი, მე აღფრთოვანებული ვარ ლაკა ხოშტარიათი, ნიკა მელიათი, განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ ახალგაზრდებით. ახლა ივანიშვილის ტაქტიკა არის რომ ჩვენ დავიღალოთ, ჩვენი ტაქტიკა კი უნდა იყოს, რომ იქეთ დავღალოთ, ხელები ავაწევინოთ და ვაიძულოთ, ხელახალი არჩევნები ჩაატაროს”, – ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი გაყალბების მასშტაბებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დაახლოებით 3700 უბნიდან 2000-ზე მეტი ბიულეტენი არ დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები არ ჩატარებულა.

“ჩვენ ამ ხალხს, რომლებმაც ჩაიდინეს, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება, უნდა მივუჩინოთ თავიანთი ადგილი. მე ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრია საქართველოში ისეთი ადამიანი, ვინც ივანიშვილის ფოჩიან კანფეტებს არ ყლაპავს და ვინც ახლა ერთად დადგება, ოქროს ასოებით შევა ისტორიაში”, – მიაჩნია მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის მოქმედებას სტალინის ლოგიკას ადარებს და ამბობს, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში სტალინის ლოგიკისა და მეთოდების ადგილი არ არის:

“სწორედ სტალინის ლოგიკა იყო, რომ მთავარი ის კი არ არის, ვინ ვის ირჩევს, მთავარია, ვინ ითვლის ხმებს და მე მგონი, საქართველოში, 21-ე საუკუნეში, სტალინის ლოგიკის ადგილი არ არის. აი, ახლა რაც ხდება აშშ-ში, როცა არავინ არ იცის ჯერ, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს არის სამართლიანი არჩევნები, იქ 500-მა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების ბედი და ივანიშვილი, ალბათ, ახლა კვდება სიცილით და ამბობს, “რას წვალობს ეს ტრამპი, კაცო, დაეწერა, რაც უნდოდა და ჩაედო ჯიბეში…” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა “დღის სტუმარში”, “მთავარი არხის” ეთერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი “ოლიგარქიას გვერდზე გასწევს”:

“ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ამიტომ, როგორც ერთერთი თქვენგანი, ვისთვისაც საქართველო არის ყველაფერი, მოგიწოდებთ: ნუ დარჩებით სახლში, იმოქმედეთ, საქართველოა გადასარჩენი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვირას ვიყოთ ძალიან ბევრნი, ვიდგეთ ყველა საოლქო კომისიასთან, ამიტომ ახლა გავიჭირვოთ, არ შევეგუოთ სიცივეს, ვიმოქმედოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, კვირას, 8 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული საპროტესტო აქცია დაანონსეს, სადაც ერთობლივ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ, მანამდე კი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share