დღეს რომ მომცენ უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში – იმედა კახიანი

რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება.

თეატრის დასის გამგზავრებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია. მსახიობი იმედა კახიანი „რუსთაველის თეატრის“ დასის რუსეთში გამგზავრებას ეხმაურება.

როგორც მსახიობი ამბობს, რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია. ამის შესახებ იმედა კახიანმა „რუსთავი 2“-ის ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა.

“დღეს რა საშუალება გვაქვს მსახიობებს, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და თუნდაც, რუსეთს ვებრძოლოთ? მხოლოდ ის, რომ ჩავიდეთ იქ და ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არავის დასაჩაგრი და არავისზე ნაკლები არ ვართ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში და 5 კაციც  რომ მოვიდეს და ტაში დამიკრას, მეტი არ მინდა – ის 5 კაციც ხომ ჩემი გახდა?! ჩემი იარაღი ეს არის, სხვა იარაღი მსახიობს არ აქვს,”-განაცხადა კახიანმა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და თქვა, რომ იგი თეატრის საქმიანობაში არ ერევა. მისი განმარტებით, თეატრის გადასაწყვეტია ფესტივალში მიიღებს თუ არა მონაწილეობას.

 

დასის გამგზავრებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსთაველის თეატრმაც. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სპექტაკლი 30 ივნისს და 1-2 ივლისს ჩატარდება.

 

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, იტალია, ინდოეთი, იაპონია და საქართველო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: