დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გუშინ მოუბოდიშა მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ, თუმცა ვაქცინა ვერ მიიღეს. NCDC-ის განმარტებით, ეს ლოგისტიკური პრობლემის შედეგია. სავარაუდოდ, ვერ მოხდა ვაქცინის რაოდენობის სწორად დათვლა.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მეტი დოზა იყო ქსელში, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ იყო“, – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. „მიმდინარეობს კვლევა, ეს შეიძლება იყო აღრიცხვის პრობლემა და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა თუ დადგა, პასუხისმგებლობას არავინ გაურბის“, – დაამატა მან.
ამირან გამყრელიძის განმარტებითვე, „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში 22 ივნისს, გამთენიისას უნდა შემოსულიყო, არ ჩამოვიდა. ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის საკითხს და ვადებს, ამ ეტაპზე, გაეროს ბავშვთა ფონდი აზუსტებს.
დღევანდელი მონაცემებით, აცრა შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რევაქცინაცია დაჯავშნილი აქვთ პირველი აცრიდან 10-12 კვირის პერიოდში. რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც რევაქცინაცია დაჯავშნილი ჰქონდათ 4-8-10 კვირის ფარგლებში, მათ ამირან გამყრელიძე ბოდიშს უხდის და მოთმინებისკენ მოუწოდებს.