შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სარფი და ფოთის პორტი გამოავლინა პროდუქტები, რომლებშიც ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა.
კერძოდ, უწყების ცნობით, ფიტოსანიტარის მიერ თურქეთიდან შემოტანილი ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინო მავნე ორგანიზმი.
საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.
იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტში – “ფოთის და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” გამოვლინდა, შეეხება 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცს.
ტვირთის ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის ჩატარებისას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დაექვემდებარა გადამუშავებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით.