დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე მასწავლებელთა და ლექტორთა ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა შევხვდეთ უსაფრთხოდ შემოდგომას.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, აცრა სავალდებულო არაა, ნებაყოფლობითია:
„მასწავლებლებთან დაკავშირებით გამოვედით ინიციატივით, რომ მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, სასწავლო დაწესებულებები, იქნება ეს სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები, შევხვდეთ უსაფრთხოდ შემოდგომას. ეს ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ყველა ლექტორი, ადმინისტრაციის თანამშრომელი და სტუდენტი იყოს აცრილი. ეს დიდი ციფრია და სერიოზულ გარდატეხას შეიტანს ეპიდემიის მიმდინარეობაში. ამის პარალელურად, უსაფრთხო სკოლები – ყველა მასწავლებელი, რომ იყოს აცრილი, ნაკლები გვექნება სკოლებში გავრცელება და ეპიდაფეთქება. მე არ მიგულისხმია, რომ ეს არის ძალდატანებითი, ეს არის ნებაყოფლობითი, ეს უნდა იყოს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოვალეობა, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს ყველაზე ნატიფ სფეროსთან, როგორიც გახლავთ განათლების სფერო, ჩვენი ბავშვების, მოზარდების და სტუდენტების.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის გაძლიერების გეგმა. ვიცით, რამდენი მასწავლებელია, მოსწავლე და სტუდენტია ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ფაიზერი ინსტრუქციითაც შეიძლება 16 წლიდან ზემოთ გაკეთდეს და ვგეგმავთ მოზარდები ჩავრთოთ ამ ვაქცინაციაში“.