“ივანიშვილმა საზიზღარ ქოსატყუილობად აქცია ეს ქვეყანა”

მწერალი, დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ვაცლავ ჰაველი წერს თავის დღიურებში, რომ ზოგ ქვეყანაში ხალხი ტყუპისცალივით ემსგავსება თავის ლიდერს… ლაპარაკის მანერით, სინტაქსით, ქცევით, რიტმით, იუმორით, სიხეპრით, უტიფრობით, გემოვნებით, ჟესტიკულაციით და ა. შ.

ხალხის არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილმა ტყუილად, ერთ უნიჭო და დაუსრულებელ სიცრუედ, აი მართლაც საზიზღარ ქოსატყუილობად აქცია ეს ქვეყანა და მთელი თავისი საქოცეთიც დაიმსგავსა ამ შიშველი, უტიფარი და განაჩენგამოუტანელი მატყუარობით…

ივანიშვილით დავირუსებული ტყუის და ცრუობს ეს ისედაც ტყუილებისგან გაბრუებულ-გასაწყლებული ქვეყანა – და თან ისე, რომ ყველა ხვდება, როდის და როგორ ტყუიდან და შედეგად მაინც არაფერი… ცოლებს ატყუებენ, შვილებს ატყუებენ, ქმრებს ატყუებენ, ამომრჩევლებს ატყუებენ, ამერიკელებს ატყუებენ, ევროპელებს ატყუებენ, აზერბაიჯანელებს ატყუებენ, თურქებს ატყუებენ, სომხებს ატყუებენ, რუსებს ატყუებენ, ერთმანეთს ატყუებენ, ივანიშვილით იტყუებენ თავს და ივანიშვილივით ტყუიან დღე და ღამე – საჯაროდ და საპირფარეშოში ყოფნისასაც კი.

ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატები (ყავლგასული მატყუარა სპორტსმენები და გადაუშენებელი ყოფილი პარტკომები),

ივანიშვილს გავს ყველა პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრის ყველა წინამორბედი…

ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა (საბჭოთა დროს დაშიფრული ენა მაინც არსებობდა), ქვეყანა ტოტალურად ივანიშვილსაა დამსგავსებული – რომ “ვერ იკადრებს რაღაცას” და ამ დროს ყველაფერს კადრულობს.

ეს მცნება – არა იცრუო! – ივანიშვილისტანში ბიოლოგიური შეუსაბამობაა…

მგონი, საბოლოოდ მართლა გადავჯიშდებით, ან ყოველ შემთხვევაში, გავივანიშვილდებით მაინც.

შეხედეთ მის ხალხს, ეს არაა სუსტი ვირუსი”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share