ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა სიყვარულისთვის და იმ დადებითი ემოციებისთვის, რომელსაც ვგრძნობთ თქვენი მხრიდან. სწორედ პოზიტივი და მხოლოდ პოზიტივი, საყვარელი ადამიანების გარემოცვა, სიმშვიდე და სპეციალური ვარჯიშები არის ექიმის ის დანიშნულება, რომლითაც ჩამოვედით, ასევე ექიმის რეკომენდაციით, მშობლიურ ქვეყანაში. დღეს მომინდა თქვენც ყოფილიყავით თანამონაწილე ჩვენი, ჩემი და ცოტნეს, #გიორგიგამსახურდია-ს, Ani Abuladze-ს, Konstantine Gamsakhurdia-ს ბოლო პერიოდის ერთგვარი ტრადიციისა, როცა ერთად, თუნდაც დისტანციურად, ვხარობთ წინ გადადგმული ყოველი პატარა ნაბიჯით ცოტნეს საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს, სიყვარულს და ვამხნევებთ ერთმანეთს. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებს ახლა – ცოტნე დაუბრუნდეს მის ჩვეულ მდგომარეობას, და, რადგან ძალა ერთობაშია, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.
თქვენ არ იცით რეალურად როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლიათ ერთმანეთისთვის, საყვარელი ადამიანებისა თუ ქვეყნისთვის ამ სამ ძმას. ერთხელ უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი – კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი”, – წერს ანა ჯანაური.
ცნობისათვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა. ცოტნე გამსახურდია უკვე საქართველოში დაბრუნდა.