ამ წუთებში ოზურგეთის რაონულ სასამართლოში ურეკის პოლიციის შენობაში მომხდარ ინციდენტზე და პოლიციციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ია სურგულაძემ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა პატიმრობაში პირებს, რომელთა ადვოკატები უკვე საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე.
დაკავებული შოთა ლოლაძის ადვოკატის, გიორგი სურმანიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ პოლიციის მხრიდან წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი:
_ ცუდად მყოფ ადამიანს წყალიც არ მიაწოდეს, რაც მისმა ძმებმაც დაინახეს, რასაც ბუნებრივია, მოყვა მათი მხრიდან შეპასუხება. ნაცემები არიან, _ ამბობს სურმანიძე.
როგორც ირკვევა, ამ საქმეზე უკვე მიმართეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს და სახალხო დამცველს.
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს _ საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ მათი ადვოკატებიც, რომელთა თქმით, დაკავებულებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ადგილზე არცკი ყოფილან.
სასამართლოში პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. მათ შორის არიან მაღალჩინოსნები, რომლებმაც ამ საქმეს უკვე უწოდეს “ღირსების საქმე” და ამბობენ, რომ მათი მტკიცებულებები ცამეტივე ბრალდებული პირის მიმართ მყარია.
გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბესო ბოლქვაძე ამბობს, რომ ბრალდებულების დანაშაულს მარტივად დაამტკიცებენ.
ბოლქვაძეს არ აქვს კითხვაზე პასუხი როგორ მოახერხეს ადამიანებმა პოლიციაში შეჭრა და შენობიდან დაკავებული პირის გამოყვანა. ბოლქვაძე არ პასუხობს კითხვას _ რატო. სცემეს დაკავებულები და კონკრეტულად რა დაზიანებები მიიღეს სამართალდამცველებმა მაშინ, როცა დაკავებული პირი შენობიდან მეგობრებმა გაიყვანეს.
ბოლქვაძეს ასევე არ აქვს პასუხი კითხვაზე როგორ უნდა იგრძნონ ადამიანებმა თავი დაცულად, როცა ირკვევა, რომ პოლიციაც დაუცველია და დაპატიმრებული ადამიანის გამოყვანაც კი შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს.
შეძლებენ თუ არა პილიციელები იმ ღირსების დაცვას, რომელიც როგორც ამბობე 13მა ბრალდებულმა შეულახა ეს მალე გაირკვევა, მანამდე კი ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც, როგორც აღვნიშნეთ ბრალდებულების წინასწარი პატიმრობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.