კანადელები ჩოხატაურში – ბახმაროს ორი ლეგიონერი შეუერთდა

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ლიგაში მოასპარეზე ჩოხატაურის ბახმარო გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერია და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
12 ტურის შემდეგ, გურულ კლუბს 9 ქულა აქვს და 14-გუნდიან ლიგაში მე-13 პოზიციაზეა. ბახმარო მხოლოდ ერთ გუნდს, ლანჩხუთის გურიას უსწრებს, რომელსაც 1 ქულით ნაკლები აქვს მოპოვებული.
პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბახმაროს შემადგენლობაში ორი ახალწვეულია, კანადელი ლეგიონერები დანტე ლაიტი და მარველეს დრამპსი. ახალი გუნდის შემადგენლობაში მათი დებიუტი 26 ივნისს, გორის გორთან სტუმრად წაგებულ შეხვედრაში შედგა. დანტე ლაიტმა გორში 90 წუთი ითამაშა, ხოლო დრამპსი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა ზუსტად 20 წუთში შეცვალეს.
ბახმაროს ახალწვეულებს მდიდარი საფეხბურთო კარიერა ნამდვილად არ აქვთ. როგორც გავარკვიეთ, დანტე ლაიტი, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია, ფეხბურთს კოლეჯში თამაშობდა, შემდეგ კი ნახევრად სამოყვარულო, ონტარიოს ლიგა 1-ის გუნდ ალიანს იუნაიტედის ღირსებას იცავდა.
ჩოხატაურელთა მეორე ახალწვეული, მარველეს დრამპსი 23 წლისაა და პოზიციით ფორვარდია. მისი პირადი გვერდიდან ვიგებთ, რომ ინგლისური ქროლი თაუნის 23 წლამდე და ესპანური ლანკ აკადემიის 23 წლამდე გუნდში უთამაშია. გარდა ამისა, კანადურ იორკ იუნაიტედთან ერთად სეზონისწინა შეკრებაზეა ნამყოფი.
წყარო: ajarasport
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share