საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 69 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და მან 2021 წლის მაისში 551,000 ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას სულ 154 ათასი ოჯახი იღებს, ამ ოჯახებში მაცხოვრებელთა რაოდენობა კი საქართველოს მოსახლეობის 14.8%-ს შეადგენს.
სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა განსაკუთრებული ტემპით ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაიზარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მაისის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.6 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 55 ლარს შეადგენს.
საქართველოში აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის სტატისტიკას საქსტატი ითვლის. უწყების ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან მოსახლეობის 21.3%-ს მიაღწია. სიღარიბის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წელი, როდესაც სიღარიბე ასე მკვეთრად გაზრდილიყო.