„საქართველო დაიღუპება, სიკვდილის პირას არის მისული ხალხი“ – თაკო ჩარკვიანის მიმართვა უმრავლესობას

,სიკვდილის პირას არის მისული ხალხი. არ ვიცი, რომელ ქვეყანაზე, რა პენსიებზე საუბრობთ. აფთიაქში ვერ შედის ადამიანი,“ – ასე მიმართა პარტია ,,კანონი და სამართალი”-ს ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა დღეს, 28 ივნისს, უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას მმართველი გუნდი კორუფციასა და ბიუჯეტის ძარცვაში დაადანაშაულა.

„თქვენ თუ ათი წელი დარჩით ამ სტაგნაციით, ბატონებო, რასაც თქვენ სტაბილურობასა და მოძრაობას ეძახით, საქართველო დაიღუპება. სიკვდილის პირას არის მისული ხალხი. არ ვიცი, რომელ ქვეყანაზე, რა პენსიებზე საუბრობთ. აფთიაქში ვერ შედის ადამიანი. ულუფა არის აბსოლუტურად სასიკვდილოდ გამეტება ადამიანის, ვგულისხმობ „წამლის ულუფას“. წარმოუდგენელი რამ ხდება. არ შემიძლია, არ ვთქვა, ირაკლი ღარიბაშვილის დროს, ყველას გვახსოვს ტრაქტორების საქმე, კაბელების საქმე, წელიწადი და ხუთი თვე ადამიანები ისხდნენ გაუგებრად. ტრაქტორებზე მოჭერით იმ კაცს თავი და შემდეგ თანამდებობაზე დანიშნეთ, საოცარი რაღაცები ხდება ქვეყანაში. ეს იმას ჰგავს, ან რატომ გვეკეთა პირბადე, ან რატომ მოგვხსენით აუცრელ ქვეყანაში. ეს კითხვებია, რომელიც კვლავ მიდის, რა თქმა უნდა, კორუფციასთან და ბიუჯეტის ძარცვასთან, ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ – არავის, თქვენი გუნდის საწყალობლად საქმე არ აქვს”,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის თქმით ქვეყანაში უმუშევრობა მძლავრობს, რომლის ხელშემწყობიც, ხელისუფლების არაქმედითუნარიანი პოლიტიკაა, მისი თქმით არ არსებობს ერთი მიზეზიც კი, რის გამოც ,,ქართული ოცნება” ხელისუფლების მმართველობაში უნდა დარჩეს.

,,ხალხს სჭირდება საკუთარი სამსახურები, საკუთარი თქვენ მიერ დასახელებული, ოღონდ გამოუძიებელი მილიონები. გახსოვთ თქვენ ქუმსიშვილთან და კვირიკაშვილთან ნახსენები 700 მლნ, რომელიც არ ვიცით, გამოიძიეთ?! ჩვენ არ გვინახავს. ანაკლიის პორტი, რომელსაც არაფრით მოვეშვები, რადგან სასიცოცხლოდ, პატრიოტულად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დღესდღეობით დანგრეულია. ამისთვის უნდა გაგაჩეროთ კიდევ ათი წელი?! რომ შიმშილსა და აუცრელობაში ამყოფოთ ქვეყანა?! მომიტევეთ, საათების კოლექციას ვუყუროთ?! ვფიქრობ, ერთი მიზეზიც იყო საკმარისი თქვენი ხელისუფლების წასვლისა, დანარჩენი, ბატონებო, რასაც მე აქ ვისმენ, ეხებათ განსაკუთრებით მლიქვნელებს. მომაგონდა ჩემს ბავშვობაში ბრეჟნევის დროს ჩატარებული ყრილობა და უხერხულია. მართლა შევიკრიბოთ საქმისთვის, გამოვასწოროთ ქვეყანა”, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, ჩარკვიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან.

,,კიდევ ერთი რამ, იზრუნეთ, რომ თავისუფალი პროკურატურა იყოს. თქვენ რომ წახვალთ და ოპოზიციაში იქნებით, დაგხვდეთ რეფორმირებული. ახლა კარგს გეუბნებით, ცუდს კი არა, კარგს, რომ დაგხვდეთ თავისუფალი სასამართლო სისტემა, თორემ რევანში არ დასრულდება საქართველოში”, – განაცხადა ჩარკვიანმა სიტყვით გამოსვლისას.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share