8 თვის, უფრო ზუსტად კი, 230 დღის შემდეგ, საქართველოში დღეს კომენდანტის საათის ბოლო ღამეა. 04:00 საათის შემდეგ, მოქალაქეებს სახლებიდან გამოსვლა უკვე ნებისმიერ დროს, შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ, თანაც ისე, რომ მათ ამისათვის უკვე აღარავინ დააჯარიმებს.
“ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა ეკრძალებოდა. ამას კი, მმართველი გუნდიც და ინფექციონისტების ნაწილიც კორონაპანდემიას უკავშირებდა. ამბობდნენ, რომ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა.
2020 წლის 9 ნოემბერს კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს შეეხო. მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე აეკრძალათ.
მთავრობამ გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურის დროს დაუშვა, როცა შეზღუდვა ორი ღამით გაუქმდა. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება მიეცათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ.
აღდგომის ღამეს კი მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი არ გააუქმა – დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე მოქმედებდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთი აქცია გამართეს და კომენდანტის საათიც არაერთხელ დაარღვიეს, “ოცნების” ხელისუფლებას მისი მოხსნა არ უჩქარია – მან მხოლოდ შეზღუდვის დრო შეამცირა – ჯერ 21:00-დან 23:00-მდე გადაწია, შემდეგ კი 05:00-დან 04:00-მდე შეამცირა. შესაბამისად, ივნისის განმავლობაში, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა 23:00-დან 04:00 საათამდე ჰქონდათ აკრძალული.
კომენდანტის საათი 30 ივნისის 04:00 საათის შემდეგ აღარ იმოქმედებს. თუმცა, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც რესტორნებსა და საკვებ დაწესებულებებს მუშაობა მხოლოდ 00:00 საათამდე შეეძლებათ.
აქვე, პრემიერი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ჯარიმა გაუუქმდეს ყველას, ვინც შეზღუდვების დარღვევისთვის “დაისაჯა”. ამნისტია დაახლოებით 245 ათას მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს შეეხება.
“საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე“, – განმარტა ღარიბაშვილმა.