პარტია “ლეიბორისტების” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დებატს ითხოვს: “გასცეს პასუხი ჩემს კითხვებს- რა დაუშავა ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა, რომ ასე მოატყუა და გადააგდო”.
ნათელაშვილი ივანიშვილს ჯალალედინსაც ადარებს და მუხრან მაჭავარიანის ლექსს იხსენებს: “მე მინდა, რომ მდინარაძემ, რომელიც გეყოლებათ სტუმრად ეთერში, გადასცეს თავის კრიმინალ, ქვეყნის დამაქცევარ ლიდერ ივანიშვილს, რომ მე კვლავ ვიწვევ მას დებატებში. დამიჯდეს დებატებში, თუნდაც თავის სავირთხეთში, სასახლეში იჯდეს. ნუ მოვა ბატონო, ოღონდ პირდაპირ ეთერში პასუხი გასცეს ქართველ ხალხს, ჩემს შეკითხვებზე- რა დაუშავა ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელებდაკოჟრილმა, გულგახსნილმა, ულამაზესმა, უნიჭიერესმა, უძველესი ისტორიის და დიდი მომავლის მქონე ხალხმა, რომელიც აი ასე მოატყუა, გადააგდო, გაპარსა, გაყვლიფა და იმდენი ნამუსიც არ ეყო, რომ მესამედ არ დარჩენილიყო სამეფო ტახტზე. აი, ამ კითხვებზე რომ გამცეს პასუხი. მე მინდა, რომ მდინარაძის პირით შევუთვალო აი ამ არარაობას. ქართველი ერის დაუძინებელი მტერი ვუწოდე 2011 წელს და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ, დაუძინებელი და უკვდავი მტერია.
მუხრანს აქვს დაწერილი : „და საქართველოს უკვდავი მტერი, სიცილით კვდება ჯალალედინი“. თავისუფლად შეიძლება ეს შეცვალო, რომ სიცილით კვდება საქართველოს უკვდავი მტერი, ბიძინა ივანიშვილი იმაზე, რაც მის ნამოქმედარს მოჰყვა”-განაცხადა ნათელაშვილმა ტვ პირველის ეთერში.