კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს

დღეიდან, 30 ივლისის 23:00 საათიდან, საქართველოში კომენდანტის საათი უკვე ოფიციალურად გაუქმდა და აღარ იმოქმედებს. “ოცნების” ხელისუფლების მიერ დაწესებული ეს შეზღუდვა 8 თვის, უფრო ზუსტად კი 230 დღის განმავლობაში მოქმედებდა.

დღეიდან, მოქალაქეებს სახლებიდან გამოსვლა უკვე ნებისმიერ დროს, შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ, თანაც ისე, რომ მათ ამისათვის უკვე აღარავინ დააჯარიმებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, მოსახლეობის უმეტესობას 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა ეკრძალებოდა. დარღვევის შემთხვევაში კი მათ 2 000-ლარიანი ჯარიმა ეკისრებოდათ.

2020 წლის 9 ნოემბერს კომენდანტის საათი მხოლოდ დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს შეეხო. მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე აეკრძალათ.

ამას მმართველი გუნდიც და ინფექციონისტების ნაწილიც კორონაპანდემიას უკავშირებდა. ამბობდნენ, რომ ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა სწორედ კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით დაწესდა.

მთავრობამ გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურის დროს დაუშვა, როცა შეზღუდვა ორი ღამით გაუქმდა. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება მიეცათ იმ ადამიანებსაც, რომლებიც 28 მარტს, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ.

აღდგომის ღამეს კი მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათი არ გააუქმა – დაწესებული შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთი აქცია გამართეს და კომენდანტის საათიც არაერთხელ დაარღვიეს, “ოცნების” ხელისუფლებას მისი მოხსნა არ უჩქარია – მან მხოლოდ შეზღუდვის დრო შეამცირა – ჯერ 21:00-დან 23:00-მდე გადაწია, შემდეგ კი 05:00-დან 04:00-მდე შეამცირა. შესაბამისად, ივნისის განმავლობაში, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა 23:00-დან 04:00 საათამდე ჰქონდათ აკრძალული.

მიუხედავად კომენდანტის საათის გაუქმებისა, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც რესტორნებსა და საკვებ დაწესებულებებს მუშაობა მხოლოდ 00:00 საათამდე შეეძლებათ.

აქვე, პრემიერი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ ჯარიმა გაუუქმდეს ყველას, ვინც შეზღუდვების დარღვევისთვის “დაისაჯა”. ამნისტია დაახლოებით 245 ათას მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს შეეხება.

საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 000 000 ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე“, – განმარტა ღარიბაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share