20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა. ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე ადასტურებს.
მისივე თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.
ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველ სესიაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუფიქსირდა და ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებული”- აცხადებს გორგოძე.
რაც შეეხება რეგულაციებს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წელს აბიტურიენტებს პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში მოუწევთ.
შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გვაქვს ორი სესია – დილის და შუადღის სესია. აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია. მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.