პირველ ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ლანჩხუთის დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2021 წლის „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
წელს ეს ტიტული ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია XI კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძემ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
ლანჩხუთელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 29 ივნისს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს პირველ ივლისს „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
გამარჯვებული, ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია XI კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით დასკვნით ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისში გაიმართება. ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსში ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ლანჩხუთელი მოსწავლე „ეტალონის“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში – ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამას გარდა, გიორგი გიორგაძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია 500 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს გადასცემს.