სოფლის მეურნეობის მინისტრი ჟურნალისტების კითხვებმა გააღიზიანა, რომელიც პროდუქტებზე ფასების გაძვირებას შეეხებოდა, ასევე გლეხების გასაჭირს, რომლებსაც მოსავალი უფუჭდებათ და ძალიან დაბალ ფასად უწევთ მისი გაყიდვა. შექმნილ ვითარებაში მმართველი გუნდი ისევ წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და გლობალურ ინფლაციასაც იშველიებს.
გლეხებმა მინისტრს მალევე უპასუხეს და ურჩიეს, ადგილზე ნახოს რა ხდება მათ ნაკვეთებში.
საზამთროსა და ნესვის საბითუმო ფასი 10-დან 20-ც თეთრამდეა. გლეხებს ლაგოდეხსა და ყვარელში მოსავალი ბაღებშივე გაუფუჭდათ. მათ მდგომარეობას ბანკის სესხი კიდევ უფრო ამძიმებს.
სპეციალისტების აზრით ვითარებას ართულებს ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც ხშირად პოლიტიკურად არის მოტივირებული.
მათი ინფორმაციით ბოლო 8 წელიწადში 5 მილიარდი ლარი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში, თუმცა უშედეგოდ.
სპეციალისტების კიდევ ერთი რეკომენდაცია სუბსიდირებას ეხება და ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს კონკრეტული სექტორების დაფინანსების პრინციპი. რაც ყველაზე მთავარია, მათი აზრით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, რაც ეკონომიკას ყველაზე მეტად აზარალებს.