საქართველოში დღეს დღეობით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ციფრებსა და სტატისტიკაზე რომ არ ვისაუბროთ, უბრალოდ ჩვენს გარშემო მცხოვრები ადამიანებისგან იმდენი უმუშევარია, რომ პრობლემა შეიძლება საგანგაშოდაც კი ჩაითვალოს. ხელისუფლება ხალხი დასაქმების კუთხით, არაფერს არ აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის წინ, ძალიან ბევრი, კარგი დაპირება მიიღო ამომრჩეველმა. ყველაზე მიმზიდველი დაპირება მაინც 100 ქარხანა და ბევრი სამუშაო ადგილი იყო, რაც დღემდე აუხდენელ ოცნებად დარჩა.
9 წლის მანძილზე ახლა მხოლოდ ის მივიღეთ, რომ საქართველო უმუშევართა დონით, ქვეყნების ტოპ ათეულში მოხვდა.
“ჩვენი გეგმა თავიდანვე ითვალისწინებს იმას, რომ უნდა შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილები. ასეთი სამუშაო ადგილების რაოდენობა კი, ათეულობით ათასი იქნება”-ბრძანა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე გამართულ შეხვედრაზე.
დღეს კი, “ოცნების” მამუკა მდინარაძე გვარწმუნებს, რომ ამ ხელისუფლებას ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია, თუმცა რაც შეეხება დაპირებებს, აქ უკვე მსოფლიოს მაგალითი მოჰყავს და გვიხსნის, რომ არც ერთი ხელისუფლება არ არსებობს მსოფლიოში, რომ 100%-ით ჰქონდეს დაპირებები შესრულებული, მაგრამ აქვე დასძინა, ისევ რომ შეუძლია მიყვეს ამ დაპირებებს,რადგან საქმის კეთება შეუძლიათ. ამ დროს კი ხალხი, გაჭირვებაში აგრძელებს ცხოვრებას და სიღარიბესაც, გამომდინარე უმუშევრობიდან, ისევ ნომერ პირველ პრობლემად ასახელებენ.
“ჩემი შვილები დედი, ესპანეთში არიან წასულები ესპანეთში ცოლ-შვილით. 32-33 ბიჭები არიან”
‘მთავრობას შვილო არ ყოფნის აფერი და ხალხი კია უპატრონოდ გზა-შარაზე დაცვენილი. იხედება ვინმე ხალხისთვის? ხალხს უნდა რამეო ამბობენ”?
“გურიაში არ არის ისეთი სფერო, ან სამუშაო რომ ადამიანი დასაქმდეს. თუ არის სადმე რამე, მხოლოდ 200-300 ლარი. უმუშევრობის და სიღარიბის გამო ხალხი, უკვე, მგონი ფსიქოლოგიურადაც მოიშალა და ამდენი უქონლობისგან მოძალადეები გახდნენ”.
“უმუშევრობა არის აბა არ არის? სახელმწიფოს ბრალია ეს, მეტი არავისი. აბა ჩემი ბრალია? 25 წელი რკინიგზაში ვმუშაობდი მემანქანედ, შემამცირეს და აგერ ახლა თოხს ვიქნევ”.
“მოხელე კაცი ვარ და ვერ ვმუშაობ, არ არის სამუშაო და სად ვიმუშაო მითხარი. ზოგს ვუბარავ, ზოგს ვუთოხნი და ესაა ჩემი სამუშაო. მთავრობაზე ხელი მაქვს ჩაქნეული, არაფერს არ გეხმარება ხალხს”.
‘მე ჩემდა თავად მიჭირს, არ მაქვს სამსახური, ახალგაზრდა ვზივარ სახლში და ვარ პენსიონერების კმაყოფაზე. სად უნდა წავიდეთ, ყველა ხომ ვერ დავტოვებთ საქართველოს და გადავიხინკებით უცხოეთში? იძულებულები ვართ, რაც შემოსავალი გვაქვს სოფლის, დავჯერდეთ იმას”.
“რატომ უნდა უნდოდეს 25 წლის ბიჭი მყავს საზღვარგარეთ წასვლა? საჭმელს ვერ იყიდი და სასმელს”.
‘მე მაგალითად მეორე ჯგუფის შშმ პირი ვარ, პენსიონერი და უმუშევარი ვარ. წამლებზეც არ მაქვს წვდომა, 25 ათასი ლარი უნდა და არ მაქვს საშუალება რომ ოპერაცია გავიკეთო, სხვა ყველაფერზე ზედმეტია ლაპარაკი”.
“დაპირებები კი არის, მაგრამ არ სრულდება. ხომ უნდა დაასაქმო ახალგაზრდობა, რაღაცა საწარმოები ხომ უნდა შექმნა, რომ გაჩერდეს ახალგაზრდობა ქვეყანაში და არ წევიდეს საზღვარგარეთ”?
“უმუშევრობაა, ახალგაზრდები არ არიან დასაქმებულები. არ ვიცი, პარლამენტმა უნდა იმუშაოს კარგად, მაღალ დონეზე და მიაქციოს უნდა მთავრობამ ყურადღება დასაქმების პრობლემას და მალე უნდა გადაიჭრას, რაც შეიძლება. ემიგრანტები უნდა დაბრუნდნენ და უნდა იყოს სამუშაო პირობები”.
“რამე პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ხალხი დასაქმებული იყოს. ახალგაზრდობა გადადის თურქეთში, სეზონურ სამუშაოს ელოდებიან. ახლა იქაც გაფუჭდა საქმე და წელს უკან გამოიქცნენ ისევე. ვისაც ევალება ამ საკითხების მოგვარება, ისაა დამნაშავე. ვინ არის? სად არის? მათთვის არიან მარტო და სხვისთვის არ სცალიათ”.
“ქარხნებს ავაშენებთო, მოსახლეობას დავასაქმებთო, არც ერთი მთავრობის წევრი ხალხზე არ ფიქრობს”.
“უმუშევარი ვარ რამდენი ხანია, რაც პანდემია დეიწყო მის მერე და ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მე არ ვიცი რა გამოასწორებს და რა შემოაბრუნებს ამ ხალხს ამ ქვეყნისკენ”. – აცხადებენ გურულები.