მომღერალი ირმა სოხაძე “ფორმულასთან” აცხადებს, რომ მისთვის ადამიანებზე ძალადობა განსხვავებული სქესისა და შეხედულებების გამო ყოვლად დაუშვებელია. ის მიიჩნევს რომ საზოგადოებამ ყველა ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც ის არის: “ჩემზე კონსერვატულ ოჯახში საქართველოში ძალიან ცოტა თუ იქნება გაზრდილი და დაბადებული, მაგრამ მე ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ყველა ჩემნაირი არ შეიძლება იყოს დაბადებული. რას ნიშნავს, რომ არ მივიღოთ ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სექსუალურ უმცირესობას. ბევრი მათგანი ჩვენზე უფრო ნიჭიერი და განათლებულია. ვიყოთ უფრო ლაღები, თავისუფლები, ნუ ვიძაბებით, ნურავისზე ნუ ვძალადობთ, ნურავის ნუ ვესვრით ნურც კვერცხს, ნურც პომიდორს, მითუმეტეს ნურც ქვას და ტყვიას. ჩვენ ასეთები ვართ ისინი ისეთები არიან. რატომ გვეზიზღებიან ეს ადამიანები ასე, რომლებსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ? სტატუსებს და კომენტარებს რომ ვკითხულობ, მე ამის უფრო მეშინია. მასობრივი ზიზღია საზოგადოებაში ამ ლგბტ თემის მიმართ. ეს ვერ ატანა უკვე ზედოზითაა საქართველოში.
მე იმედი მაქვს, რომ ეს ზიზღი ერთ დღესაც სამარცხვინო გახდება ჩვენს ქვეყანაში.
მორწმუნეებს ამას ვეტყოდი- “გიყვარდეს მტერი შენი”-ო ხომ თქვა ჩვენმა მაცხოვარმა და არც არსად წერია ახალ აღქმაში რომ ამ ადამიანებს უნდა ვებრძოლოთ.
თავად უფალი იყო საოცრად მიმტევებელი და ტოლერანტული, მას ყველა უყვარდა და ამბობდა-“ქვა იმას ისროლოს, ვინც უცოდველიაო”… ჩვენი უბედურება იცით რაშია? ყველა უცოდველად თვლის თავს.
დღეს რომ ყოფილიყო მარიამ მაგდალინელის ისტორია, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები 100 თუ 200 კაცი აიღებდა და ქვებს ესროდა”-განაცხადა სოხაძემ.