მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ილია ჭიღლაძე გუშინ “თბილისი პრაიდის” პარალელურად გამართულ ჰომოფობიურ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა არ არის ქრისტიანობის და სულიერების გამოხატულება, არამედ “სიველურე და სამართლის დარღვევაა”. ამის შესახებ დეკანოზმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი.
“საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობრივი ჰომოფობია და აზრის და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება მიეცეს ყველას, თუ ეს კანონით აკრძალული არაა და სისხლის სამართლის დანაშაული არაა. ყველა მორწმუნეს და ტრადიციონალისტს აქვს უფლება მშვიდობიანი და ლოცვითი აქციით გააპროტესტოს პრაიდი და პრაიდის იდეები, მაგრამ რაც გუშინ ვიხილეთ, პროტესტანტების მხრიდან, ეს არაა ქრისტიანობა და სულიერება, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა. იყო დრო, როდესაც მეც ისევე ვფიქრობდი, როგორც ეს ქსენოფობიური ჯგუფები და მიმაჩნდა რომ პრაიდის მოწყობა ქვეყნის და ერის დაქცევას უდრის, მაგრამ დღეს ვაანალიზებ, რომ ასეთი მიდგომა არის უკიდურესად პრიმიტიული და უაზრო რამ”, – წერს დეკანოზი.
დეკანოზი სტატუსში განამრტავს, რომ გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები საშიშროებას არ წარმოადგენს ტრადაციული ფასეულობებისთვის და ქრისტიანობისთვის. ამასთან, მისი თქმით, ყველა მიმდინარეობას აქვს ქადაგების და პროპაგანდის სამართლებრივი უფლება, თუ ეს არ არის კანონით აკრძალული.
“ქრისტე თავის ფასეულობებს ქადაგებით ავრცელებდა და არა ძალადობით, ან ვინმეს რეპრესირებით. შეუძლებელია პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს. მოწოდებები რომ “ლგბტეები პრაიდით შვილებს გვიპიდარასტებენ” არის უკიდურესად პრიმიტიული გონებაჩლუნგობა, რაც მხოლოდ საკუთარ მორალურ სიმხდალეს და არამდგრადობას ავლენს და შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ და სხვის შვილებს. ვერავინ ვერ “გააპიდარასტებს” ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი პირადი სურვილი და არჩევანი არაა, ეს უნდა შეუშვას ტვინში ყველამ და გაანალიზოს. ვერც ძალით აიძულებს ვერავინ შვილს ჰეტეროსექსუალობას, ესეც უნდა გაიაზროთ და გამოხვედით პუტინისტური იდეოლოგიზირებული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების ტვინების რეცხვის გავლენებიდან.
მემთვრალეობა, მკვლელობა, ქურდობა, ტყუილი და სხვა, მაგრამ პირველი ქვა მან ესროლოს ცოდვილს, ვინც უცოდველიაო, ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, საქართველოში კი სჩანს უცოდველი ფსევდომორალისტი პუტინისტები ბლომად გვყავს, ვინც ქვას, კვერცხს და სხვა ყველაფერს რაც ხელში მოხვდება, ისვრიან. არაა მარტო საკმარისი ხელისუფლების მიერ მოძალადის ადგილზე დაკავება, აუცილებელია ძალადობის მკვებავი იდეოლოგიური და ფინანსური არხების გაუვნებელყოფა და ჩახშობა. სხვანაირად კრემლის გავლენებისგან თავისუფალი, მშვიდობიანი, ზნეობრივი და სამართლებრივი საზოგადოება-სახელმწიფო ვერ გვექნება საქართველოში.”, – წერია დეკანოზის მიმართვაში.
გუშინ, 1 ივლისს საქართველოში “თბილისი პრაიდის” კვირეული კლუბ “ხიდზე” კინოჩვენებით დაიწყო. კინოჩვენების პარალელურად ხიდთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები შეიკრიბნენ, რომლებმაც ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს კვერცხები ესროლეს. ისინი ცდილობდნენ ფიზიკურადაც ეძალადათ სტუმრებზე, თუმცა შსს-მ მათ ამის უფლება არ მისცა.
https://netgazeti.ge/