1908 წელს ოზურგეთის მაზრის ყოფილმა უფროსმა ლაზარენკომ ,,გურიის რესპუბლიკის” სასამართლო პროცესზე, კითხვაზე, თუ ვინ აწყობდა გურიაში რევოლუციასო, სავსებით სამართლიანად აღნიშნა: ,,…რევოლუცია გურიაში არ დაწყებულა, ის დაიწყო ბათუმში და იქიდან გურიაში გადმოვიდა.” გასახლებულ მუშებად ქცეულნი ყოფილი გურული გლეხები პროკლამაციებს და სხვა არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდნენ მოსახლეობაში და ეწეოდნენ პოლიტიკურ მუშაობას. პროპაგანდისტებს გურულები ,,მქადაგებლებს” ეძახდნენ. მათ `მესამედასელების” დახმარებით უზარმაზარი გავლენა იქონიეს გურულებს შორის რევოლუციური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. საბოლოოდ გურულებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მეფის მთავრობას, საკუთარი თვითმმართველობა ჩამოაყალიბეს, რომელიც ,,გურიის რესპუბლიკის” სახელითაა ცნობილი. ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნით დასრულდა, რომლის მშენებლები, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, უმთავრესად გურულები იყვნენ.