ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ აპრილში წერდა. აღნიშნული ინიციატივა მაშინ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში იყო გაცხადებული.
როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ შორის, პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.
იმაზე თუ როდის უნდა ველოდოთ ამ ინიციატივის კანონად ქცევას, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლელა სტურუამ ისაუბრა.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სრული მხარდაჭერა აქვს ნებისმიერ კანონს თუ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს – როგორც თამბაქოს მოხმარებას, ისე პასიურ მოხმარებას. მეტიც, ცენტრი მუშაობს ამ კანონებზე. გამოკვლევაც გვაქვს ჩატარებული და მათ შორის მწეველი მოსახლეობაც მომხრეა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება. ჩვენ, ჯანდაცვის სისტემა და ალბათ, ჯანდაცვის კომიტეტიც ძალას არ დავიშურებთ, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს და ჯეროვნად აღსრულდეს,“-განაცხადა სტურუამ.