ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ძალადობრივ კონტრაქციაზე განვითარებული მოვლენები მიუღებელია და საკითხთან დაკავშირებით არავითარი “მაგრამ” არ არსებობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების პროცედურებს ახორციელებს, დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს და დაველოდებით, ეს რეაგირება რამდენად შესაბამისი იქნება. თუ საზოგადოებაში კითხვები დარჩება, პარლამენტი თავის როლს შეასრულებს და პასუხებს შინაგან საქმეთა მინისტრს მოსთხოვს. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რომ ვინმე არ დაისაჯა, რეაგირება მოხდება”, – განაცხადა ყაველაშვილმა.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
ამასთან, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რვა პირი.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.