5 ივლისი ხელისუფლების კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო, სადაც წაეწევით მედიის წარმომადგენლებს, მიდით ბიჭებო – ამბობს ინგა გრიგოლია, ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს.
გრიგოლია სრულ პასუხისმგებლობას პრემირ ღარიბაშვილსა და მის გუნდს აკისრებს. ჟურნალისტის თქმით, ყველა პოლიტიკურ აქციაზე სამართალდამცველების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით მობილიზება ხდება, განსხვავებით 5 ივლისისა.
“მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას მათ, ვინც მთავრობის ადმინისტრაციაში სხედან, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ მედიას ვერ გააჩუმებს, მაგრამ მთავარი გზავნილი, რაც მათ წინასაარჩევნოდ გამოუშვეს არის ის: სადაც წაეწევით ჟურნალისტებს, სადაც დაინახავთ მიკროფონიან და კამერიან ადამიანებს, სცემეთ, ურტყით წიხლები, მიაყენეთ შეურაცხყოფა. აი, ეს გზავნილი გაუშვა ხელისუფლებამ თავისი მომხრეებისთვის და დასაშვები გახადა ფიზიკური ანგარიშსწორება”,- ამბობს ინგა გრიგოლია.
5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე 53 ჟურნალისტს თავს დაესხნენ და განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ.