სახელისუფლებო პარტიის,”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს, შემოდგომაზე დანიშნულ ადგილობრივი არჩევნებისათვის, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით დარჩია უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მმართველი პარტიიდან” აცნობეს.
გავრცელებული, მაგრამ გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მომავალ ადგილობრივ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიას, პირველად ბოლო 9 წლის განმავლობაში, არ დაეხმარება ოზურგეთის ექს გამგებელი და გურიის ექს გუბერნატორი, ამ დროისათვის “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, მერაბ ჭანუყვაძე.
მერაბ ჭანუყვაძე მმართველი პარტიიდან ოზურგეთის მერობის კანდიდატის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა, თუ დავით დარჩიას გარემოცვას დავუჯერებთ, ბოლო მომენტში დავით დარჩიასა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გიორგი ლილუაშვილის შეხვედრისას, ის, გიორგი ღურჯუმელიძის კანდიდატურით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჩანაცვლდა.
ჭანუყვაძის კანდიდატურას დარჩიას გარდა გურიის მაჟორიტარმა, ვასილ ჩიგოგიძემაც გაუწია წინააღმდეგობა.
როგორც მისი გარემოცვიდან ვრცელდება ხმები, ამ უკანასკნელს ოზურგეთის მერად. მორჩილი და უპრეტენზიო ადამიანი სურს, რომელიც საქმიან გარიგებებში მას სრულ კარტ ბლანშს მისცემს.
რაც შეეხება მერაბ ჭანუყვაძის მომავალს, ის ჟურნალისტებთან ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობს და დიდი ალბათობით ეს ამბავი უახლოეს დღეებში გაირკვევა.