ეს სიველურე ქვეყნის გაღატაკებას უწყობს ხელს-გოცირიძე

ეს სიველურე, რასაც ჩვენ ვხედავთ, ქვეყნის გაღატაკებას უწყობს ხელს – ის, რაც მოხდა, მხოლოდ ძალადობის კუთხით დასანახი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, თბილისში განვითარებული მოვლენები აუცილებლად გამოიწვევს საქართველოში ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმებას.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ბოლოდროინდელი ამბების საერთაშორისო პრესაში გაშუქებით გამოჩნდა, რომ ვართ ველური ქვეყანა, სადაც ხელისუფლების წახალისებული ბრბო ქალაქს არბევს, რაც ბუნებრივია, ტურისტებს აფრთხობს.

“ეს ანგრევს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს. ქვეყანაში არ შემოვა კაპიტალი. თუკი ვინმეს საქართველოში რაიმე ფულის ჩადება ჰქონდა გადაწყვეტილი, ამას შეაჩერებს და იმ დროს დაელოდება, როცა ქვეყანაში იქნება ნორმალური ხელისუფლება, სტაბილური გარემო, როცა არავის დაემუქრება რაიმე სახის საფრთხე. ჩვენ ვიცით, ინვესტიციები აი ამ ჯოგის მიერ როგორი განსხვავებული მიდგომით ფასდება – ის ფასდება რელიგიური კუთვნილებითა და სახელმწიფოებრივი წარმომავლობით, მიესალმებიან რუსეთს, მაგრამ თუკი ინვესტიცია რომელიმე აზიური ქვეყნიდანაა, მაშინვე დაესევიან. გვახსოვს, მარში თამარ მეფის გამზირზე, რესტორნების და სხვა კომერციული სტრუქტურების შევიწროვება ეთნიკური თუ სხვა ნიშნით”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ipn. ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share