„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩის“ დეპუტატები იარაღის ყიდვას აპირებენ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, აპირებენ მოუწოდონ მხარდამჭერებს იარაღი შეარჩევინონ.
როგორც ის აღნიშნავს, „პრაიდის“ მიმდინარეობისას მათ ოფისს, კვერცხები ესროლეს, მაშინ, როდესაც მათ „არაფერი დაუშავებიათ“ და „პრაიდათან“ კავშირი არ ჰქონდათ.
“ვაპირებთ იარაღის ყიდვას. ჩემი ოფისის წინ ჩაიარა ხალხმა. ზოგი კვერცხს ისროდა, ზოგი რაღაცებს ყვიროდა. მეორე მხრიდან ორთაბრძოლა იყო გამართული კვერცხის მსროლელს შორის, რომელსაც ხელში შეიძლება რაღაც ეჭირა, მაგრამ კვერცხს ისროდა. შუაში პოლიცია იდგა და უკან ჟურნალისტები. ამას ფანჯრიდან ვუყურებდი. მე ხომ დამოკიდებული ვიყავი იმ ადამიანების სურვილზე, რომ მხოლოდ კვერცხი ესროლათ და არა სხვა რამე. მინდა, ეწეროს ოფისზე, ხალხმა იცოდეს, რომ აქ შეიარაღებული ხალხია. ხომ არ ვიცით, კვერცხზე გაჩერდება ეს ხალხი თუ კიდევ რამეს მოინდომებს. იარაღის თავდაცვის მნიშვნელობა გვიწევს საკუთარ მაგალითზე ავუხსნათ მოსახლეობას”, – აღნიშნავს ხვიჩია.
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, 5-6 ივლისის გამო პრემიერ-მინისტრის ან შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნის „დიდი აქტივისტი“ არ არის.
” პასუხისმგებლობის აღებაში გულისხმობენ, რომ უნდა გადადგეს კონკრეტული თანამდებობის პირი. მე ვერ ვარ ამ მოთხოვნის დიდი აქტივისტი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ გადადგეს და ირაკლი კობახიძე მოვიდეს, ან გომელაური გადადგეს და წინა, ან შემდეგი შინაგან საქმეთა მინისტრი მოვიდეს, არ მგონია, ეს არსებითი ცვლილება იყოს ჩვენს რეალობაში. ვფიქრობ, დამნაშავეების დასჯის მიმართულებით უნდა წავიდეთ”,-აღნიშნავს ხვიჩია.
მან ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულის იმ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც ის აღნიშნავს, რომ მან მოძღვარი დაინახა და მასთან პურის მისატანად მიდიოდა, რა დროსაც გაექცა მოტოციკლი და ვერ აჩერებდა. როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, მას ეს ისტორია ყველაზე მეტად მოეწონა და დასძენს, რომ „ვინ გარბოდა პურით მამაოსთან მაგის გარკვევა მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლოსთვის ადვილად მისახვედრია”
” “მამაოსთვის პური მიმქონდა” ეს ისტორია ყველაზე მეტად მომეწონა. ამ ნათქვამის საპირისპიროდ არსებობს ვიდეომტკიცებულებები. ნაცემები არიან ოპერატორები და ჟურნალისტები. სპეციფიური ხალხია, კამერაც აქვთ, შესაბამისად ეს ყველაფერი გადაღებულია, ვინ გარბოდა პურით მამაოსთან მაგის გარკვევა მგონი მიუკერძოებელი და ობიექტური სასამართლოსთვის ადვილად მისახვედრია. ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო გამოდის ქართველი ხალხი, საჯარო პროცესზე ვსაუბრობთ“,- აღნიშნავს ხვიჩია.
მისივე თქმით, მისთვის არასერიოზულია განცხადებები, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „პრაიდი“ ჩაატარა.
“იცით, ჩემი დამოკიდებულება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. ძალიან კრიტიკული ვარ ბევრი საქმის მიმართ, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” დააბრალო, რომ მათ მოაწყვეს “პრაიდი” და ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩატარდებოდა, არ არის სერიოზული”,-აღნიშნავს ხვიჩია.