ოზურგეთის თეატრის განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის სათეატრო სეზონი გაიხსნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლით „მონატრება – ნუ გააღვიძებ“ (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, ინსცენირება ლელა არაბიძის), რომელშიც თეატრის 4 თაობა მონაწილეობდა, მათ შორის, დებიუტანტი მსახიობები, რომლებსაც პირველად შეხვდა ფართო აუდიტორია.

15 მაისს, მცირე სცენა გაიხსნა ვანო ხუციშვილის სპექტაკლით „სამს პლუს სამი“ (მანანა დოიაშვილის პიესის მიხედვით). მას მოჰყვა ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლი დიდებისთვის „დონ კიხოტი“ და მამუკა ბაბილოძის „ვერნისაჟი“ (ვაცლავ ჰაველის აბსურდის კომედია), დიდ სცენაზე კი წარმოდგენილი იყო: დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი „მთავარი როლი“ (თამარ ბართაიას პიესის მიხედვით) და ოთარ კუტალაძის „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“ (ედუარდო დე ფილიპოს კომედია).
თვენახევრის განმავლობაში ოზურგეთის თეატრმა სულ 27 წარმოდგენა გამართა. ივნისის ბოლოს თეატრმა მცირე შესვენება გამოაცხადა და თავისი სცენები ოზურგეთში სტუმრად ჩამოსულ თეატრებს დაუთმო. მცირე ხნის განმავლობაში, ოზურგეთის თეატრის სცენაზე წარმოდგენები გამართეს:
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა (ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“, რეჟისორი რამაზ იოსელიანი); ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულმა სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა („მაუგლი“, რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა); ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა (აქვსენტი ცაგარელის „ჭკუისა მჭირს“, რეჟისორი გიგი ლორია).
წლის ბოლომდე ოზურგეთის თეატრი მორიგ პრემიერებს შესთავაზებს მონატრებულ მაყურებელს. ეს დადგმებია: ჰოფმანის მიხედვით „მარი და ჰარის თავგადასავალი“ (რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე), სამხატვრო ხელმძღვანელის ინიციატივით იგეგმება გურიის წარსულის გაცოცხლება სცენაზე. რეჟისორი გოჩა კაპანაძე უკვე მუშაობს სპექტაკლზე „გურიის უკანასკნელი დედოფალი – სოფია“, ხოლო რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი საავტორო სპექტაკლს „გურიის რესპუბლიკა“ დადგამს.
მიმიდნარე ზაფხულს იგეგმება ფართო მასშტაბიანი საგატროლო ტურნე რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში.
ოზურგეთის თეატრის ახალი სეზონის გახსნას ფართოდ გამოეხმაურა პრესა. ფაქტორბივად არ დარჩენილა არცერთი ტელევიზია, რომელმაც არ გააშუქა თეატრის გახსნა და საპრემიერო წარმოდგენები, კრიტიკოსებმა: გიორგი ყაჯრიშვილმა, ლელა ოჩიაურმა, დავით ბუხრიკიძემ, გუბაზ მეგრელიძემ, მაკა ვასაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა, ნუცა კობაიძემ და სხვებმა გამოაქვეყნეს რეცენზიები და წერილები თეატრზე და სპექტაკლებზე.
ოზურგეთის თეატრს დაგეგმილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალში, ისე თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამაში. ასევე თეატრი გეგმავს გამგზავრებას უკრაინასა და ყაზახეთში.

პრეს სამსახური ლია კილაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share