იმედია, ბევრი თქვენგანი გაემიჯნება ამ უბედურებას- სააკაშვილის მიმართვა დიპლომატებს 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უცხოეთში აკრედიტირებულ დიპლომატებს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ ბევრი მათგანი სიმართლეს იტყვის არჩევნებთან დაკავშირებით და ამ “უბედურებას” გაემიჯნება.

ამ თემაზე მან ვიდეო მიმართვა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

“თითოეული თქვენი საელჩო გახსნილია იმ დროს, როცა მე ვიყავი პრეზიდენტი. თითოეულ ამ საელჩოში ჩადებულია მთელი გული, ენერგია და ისინი არიან ჩაფიქრებული, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობები და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან ძალის, ან მით უმეტეს, ერთი ადამიანის. თქვენ ნახეთ, რა მოხდა საქართველოში. თუ პირველ ერთ-ორ დღეში შეიძლებოდა ეჭვი კიდე გქონოდათ, მართლა ხომ არ მოიგო ივანიშვილმა და მართლა ხომ არ აბუქებს რამე სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები. ახლა, როცა გამოდის ციფრები, ოქმები, ვიდეომასალები, საერთოდ ეჭვი აღარ ეპარება არავის უკვე, მათ შორის, არც მმართველ ჯგუფში, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, მაგალითად, “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩვლის 70-80%-ის ხმა მოიპარა, წყალტუბოში – 50%, საბურთალოში 50-60%.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ასეთი მასშტაბის გაყალბება ბოლოს ზიმბაბვეში მოხდა.

“თქვენ გინდათ, ზიმბაბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში? ამიტომ მოგმართავთ თქვენ: თქვენ ხართ ქართველები. თქვენ ხელფასს გიხდით საქართველოს მოსახლეობა, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები, თქვენ უნდა წარმოადგინოთ მოსახლეობა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა. პირველ რიგში, იმედია, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის სიმართლეს და გაემიჯნება ამ უბედურებას”, – თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი დიპლომატებს მოუწოდებს, შეწყვიტონ “ქართული ოცნების” მიერ მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება, რადგან მმართველი პარტია ასეთი მასშტაბური გაყალბების საშუალებით ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმისათვის, ხელისუფლების შვიდობიანად გადაცემისათვის, თითოეული დიპლომატის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share