შსს-მ ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ბრალდებით დავით კუტალაძე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე (ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე) “სირცხვილიას” ოფისში თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, დავით კუტალაძე დააკავა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა, თუმცა ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო.

ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, ოთხ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა. კუტალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლებით 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ძალადობაში ბრალდებული მეხუთე პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. ლაშქარავა გუშინ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომლითაც სავარაუდო ნარკომოხმარებაზე მიანიშნებდა.

radiotavisupleba.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share