რატომ ამსხვრევენ “სარკეს” (ანუ რას ერჩიან მედიას)

ძნელია თავისუფლება. დიდი პასუხისმგებლობაა. ბევრი შრომა სჭირდება თავის დამკვიდრებას, თავის გატანას, თავის შენახვას; თავტირილისთვისაც კი ღირსეულად უნდა შეემზადო.

თავისუფალმა ადამიანებმა შექმნეს “სარკე”; შექმნეს, რადგან “სარკეში” ყველაფერი ჩანს. ისიც ჩანს, თუ როგორი ბითური ხარ და ისიც, თუ რატომ ხარ ბითური. კარგად იციან ეს ბითურების სულისა და ხორცის პატრონებმა და ამიტომ დაუღალავად უჩიჩინებენ და მოძღვრავენ ბითურთ: – დალეწე “სარკე”! –
დალეწე და დამშვიდდები. დამშვიდდები, რადგან ვეღარ დაინახავ “სარკიდან” მომზირალ საკუთარ თავს, რომელიც დაუღალავად გამუნათებს და გეუბნება: – ბითური ხარ! –
ჰოდა, ამსხვრევენ ბითურები “სარკეს”. “სარკე” მათ ფიქრს აიძულებს; ფიქრი საშიშია; ბევრს თუ იფიქრებ, მიხვდები, რომ შენი ბითურობა შენივე ბითური თავის ბრალია. და რომ მიხვდები, მერე საშველი აღარ გექნება, უნდა იშრომო, იბრძოლო; თავისუფლების ფასი ხომ სისხლი და ოფლია.
ამიტომ არ უნდა იფიქრო. “სარკე” შენს ხორცსაც ირეკლავს და სულსაც; ამიტომ ბითური ხორცის მმართველნიც და ბითური სულის პატრონნიც ერთნაირად ასწავლიან:
-დალეწე “სარკე”!-
და ლეწავენ ბითურები “სარკეს”.
“სარკე” ჯადოსნურია ოღონდ; როცა და თუ დალეწავ, ყველა ნატეხიდან ახალი “სარკეები” გაჩნდება და ყველაში ერთად ისევ აირეკლება ბითურთა ბითურობა.
ამიტომ ამსხვრევენ “სარკეს”.
ამიტომ ხოცავენ ჟურნალისტებს!

ზურაბ გურული, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share