დღეს, 14 ივლისს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი უნდა გაფორმებულიყო, რომლის მიზანიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბენეფიციარების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. მემორანდუმის ფარგლებში მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან, თუმცა აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის შენობაში ვერ მოხერხდა, რადგან იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა მერიის შენობაში ,,ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მდუმარე საპროტესტო აქცია გამართეს, ადგილზე მისვლა არ ისურვა.