ბახვი 1 ჰესის პროექტის გაცნობის მიზნით, პროექტის მენეჯმენტი კლიმატის ცვლილების სამოქმედო რეგიონულ ჯგუფს შეხვდა

ბახვი 1 ჰესის განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ მენეჯმენტი, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის ბახვი 1 ჰესის წარდგენის მიზნით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

2021 წლის 14 ივლისს, ქ. ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში, კლიმატის სამოქმედო რეგიონული ჯგუფის წევრები ბახვი 1 ჰესის პროექტს გაეცნენ.  ჯგუფი,  ევროკავშირის დაფინანსებით, CENN-ის მიერ განხორციელებული პროექტის, საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში არის შექმნილი და მიზნად ისახავს, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში.

„სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ, პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ და გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა მენეჯერმა,  დავით მიქელაძემ ბახვი 1 ჰესის პროექტი და მისი განვითარების ეტაპები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. შეხვედრა, კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN – მა საკმაოდ საინტერესო ჯგუფი შექმნა რეგიონში, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებით.  მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფში არიან ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებიც.   როგორც რეგიონისათვის, ასევე ჩვენთვისაც, ეს პლატფორმა საკმაოდ მნიშნელოვანია, სწორედ ამიტომ, დღეს გავმართეთ შეხვედრა, სადაც ჯგუფის წევრებს გავაცანით პროექტი და მისი დეტალები, ასევე, ყურადღებით მოვისმინეთ ყველა კითხვა და მოსაზრება რაც გაჟღერდა. შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან,  ჩვენს სამუშაო დღის წესრიგში, ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგან ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ უკუკავშირი და ჩვენც, ჩვენის მხრივ გამჭირვალედ მოვახდინოთ ინფორმაციის გაზიარება “ – განაცხადა, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.

კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ჰიდროელექტროსადგურის, ბახვი 1 ჰესის განმახორციელებელი კომპანიაა. პროექტი, გარემოზე ზეგავლენის შეფასების კვლევის ეტაპზე იმყოფება. დაგეგმილი ჰესის სიმძლავრე 12 მეგავატს შეადგენს, გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა კი, წელიწადში 50 მილიონ კილოვატსაათს უტოლდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share