ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის საწყის ეტაპზეა.
„მესამე ტალღის საწყის ეტაპზე ვართ,”- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ზედიზედ მეოთხე კვირაა მსოფლიოში დაინფიცირების შემთხვევები მატულობს, 10-კვირიანი შემცირების შემდეგ კი კვლავ გაიზარდა კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვიც.
ამასთან, ჯანმო-ს ხელმძღვანელის განმარტებით, ვირუსი განვითარებას განაგრძობს, რის შედეგადაც უფრო გადამდები ვარიანტები ჩნდება.
”დელტა” ვარიანტი ახლა 111-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ველით, რომ ის მალე კოვიდ 19-ის დომინანტური შტამი გახდება მსოფლიოში,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ვაქცინების გლობალურ განაწილებაში “შოკისმომგვრელ უთანასწორობაზე” და აღნიშნა, რომ ამ უთანასწორობის გამო არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინებზე ყველაზე მეტი წვდომა აქვთ და ხსნიან შეზღუდვებს მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანას ვაქცინები ჯერ კიდევ არ მიუღია, ან არასაკმარისი რაოდენობა აქვს მიღებული.
ამასთან, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემიას მხოლოდ ვაქცინაცია ვერ შეაჩერებს და მოუწოდა ქვეყნებს, ყველა ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი და სოციალური ზომა გამოიყენონ და მასობრივი თავშეყრების მიმართ რისკის მართვის სრულყოფილი მიდგომა გამოიჩინონ.