საარსებო მინიმუმი რეკორდულ – 214 ლარამდე გაიზარდა

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ივნისის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 214.5 ლარი იყო, რაც საარსებო მინიმუმის რეკორდული მაჩვენებელია. ეს კი თავისმხრივ ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებულ ღირებულებაზე მეტყველებს. შედარებისთვის, მაისთან მიმართებით საარსებო მინიმუმის ოდენობა 9.4 ლარით გაიზარდა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი ზრდის ტემპია.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც ივნისში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 9.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

მაისის მდგომარეობით, “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი 190 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 8.9 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატის მიერ დღეს წარმოდგენილ ანგარიშს არ ახლავს ოჯახის სულადობრივი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ორგანიზაცია 2021 წლამდე აქვეყნებდა.

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: