“ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებას მის ოჯახს. საშინელი ტრაგედიაა. ამაზე მძიმე რა უნდა დაემართოს შენს ხალხს, რაც ამ დღეებში ვნახეთ? “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”. რადიკალურ დაპირისპირებას, გახლეჩილობას, ერთმანეთის განადგურების მარათონს, მსხვერპლშეწირვა მოჰყვება – უდანაშაულო ადამიანები ხდებიან დამნაშავეების მსხვერპლი. როგორ გარემოშიც იცხოვრა ახალგაზრდა კაცმა, ისეც გარდაიცვალა. ეს არის რეალობა.
ამ დროს, პირველ რიგში ახალგაზრდა თაობაზე ვფიქრობ. რა ფასეულობებზე იზრდებიან? ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქის კეთილდღეობას უზრუნველყოფენ, დღეს ღირებულებებს გამოცლილი, იმედგაცრუებას თესავენ. სადაც არ არსებობს სამართალი, იქ არანაირი წინსვლის იმედი არ იქნება. ახალგაზრდებს სჭირდებათ ზრუნვა და მათზე მორგებული ახალგაზრდული პოლიტიკა. პოლიტიკოსების ყოველი საარჩევნო რიტორიკა სოციალურ რეალობას სრულიად აცდენილია.
მაგალითად, მოზარდების 43% აზარტულ თამაშებშია ჩართული. არამხოლოდ მოზარდების. ყველას მობილური უკავია და წამში ორჯერ, ვარდება რეკლამა: ითამაშე, ითამაშე, ითამაშე – ყველანაირი გარე თუ ონლაინ სივრცე მოცულია წამახალისებელი კომპონენტებით. ეკონომიკურად ღარიბია საქართველო, ღარიბ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესს სახელმწიფო ბიუჯეტზე ბევრად მეტი მოგება აქვს… წარმოუდგენელია. გარანტირებული გამარჯვება მოდის მაშინ, როდესაც შენს საქმეს ემსახურები: დაიცავით ახალგაზრდების ჯანმრთელობა, ემსახურეთ მათ განათლებას, დასაქმებას, ანახეთ თავდადება და მოიპოვებთ ნდობას. მარტივი იქნება მხარდაჭერის მიღება-ამბობს ბაბლუანი.