საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ – მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ – ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის შეწყალების ფაქტს.
სააკაშვილის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის თვითმფრინავი საქართველოში გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი.
„დღეს, საქართველოს უზურპატორული „ხელისუფლება“ იძულებული გახდა, დილაადრიან შეეწყალებინა და გაეთავისუფლებინა ორი უკრაინელი მეზღვაური და სახელმწიფო დაცვის ყოფილი ოფიცერი მიხეილ ბატურინი, რომელიც ნოემბრის შემდეგ, ყავდათ ციხეში და სულ რამდენიმე დღის უკან, მიუსაჯეს ოთხი წლით პატიმრობა.
ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი. შეიწყალეს მათი განცხადების გარეშე, რაც ნათლად მიუთითებს, რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ივანიშვილისგან – რომლის განკარგულებითაც მოხდა უკრაინელი მეზღვაურების და ქართველი ოფიცრის დაკავება.
ეს ის ზურაბიშვილია, რომელმაც, კიევში ვიზიტის დროს, ზელენსკის ოფიციალურად მოსთხოვა ივანიშვილის დავალებით ჩემი ექსტრადიცია საქართველოში – თუმცა ზელენსკიმ ამ მოთხოვნაზე მოკლედ მოუჭრა და ერთ ადგილზე გაუშვა.
მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო რომ – ის, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დაუკმაყოფილა მალე თვითონ დავუკმაყოფილებ და აუხდებათ ყველაზე სანუკვარი „ოცნება“.
ამავე დროს, როგორც მე დანამდვილებით ვიცი, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უთხრა უკრაინელებს, თუ ზელენსკი არ ჩამოვიდოდა სამიტზე, ისიც აღარ მიიღებდა მონაწილეობას ამ სამიტში და პრაქტიკულად სამიტი იშლებოდა.
ასე მოუხდათ, დილის შვიდ საათზე უკრაინელების და მიხეილ ბატურინის შეწყალება.
რეჟიმმა დაიხია ამჯერად უკან ევროკავშირის და უკრაინელების ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ამითი საერთაშორისო რეპუტაცია საქართველოსი მაინც სერიოზულად დაზარალდა. მრავალი თვე ყავდათ უკანონო პატიმრობაში ეს ხალხი და გამოიტანეს ასე უკანონო განაჩენი. ვინ სჯიდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანას, თუ სამ დღეში მოუწევდათ გამოშვება?
მაგრამ ასეა საქართველოში ამჯერად – ყველაფერი არის უკუღმა.
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამჯერადაც მოუხდათ მათ უკან დახევა, მაგრამ ეს არის რეჟიმი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს უკანონობას, თუ არ მოხდა მათი დროზე ჩამოშორება ხელისუფლებიდან.
დიდი მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, ევროკავშირს და ასევე უკრაინელ მეზღვაურებს, რომელთაც უარი თქვეს შეწყალებაზე სამი დღის უკან, როდესაც მათ შესთავაზეს შეწყალება მიხეილ ბატურინის გარეშე, მათ თქვეს, რომ არ დატოვებენ ციხეს, სანამ მათი ქართველი მეგობარი არ იქნება თავისუფალი და მათ თქვეს, რომ უკრაინელები თავისიანებს, არ ჩატოვებენ ციხეში და ამ პოზიციასაც მხარი დაუჭრა უკრაინის ხელისუფლებამაც.
ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი. პრეზიდენტი ზელენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამის შემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით – აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის.
საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ.
ასევე, უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გამოიყენებენ საშუალებას, პირდაპირი გამოფრენის, არამედ მოამზადებენ კატარღას და ბოლომდე შეასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩამოიყვანენ კატარღას ოდესაში.
როგორც იცით, ეს კატარღა დააკავეს იმიტომ, რომ რატომღაც ეგონათ, რომ ამ კატარღაზე მე ვიყავი და შემდეგ ვეღარ გადათქვეს, სულ ტყუილად ამყოფეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში.
მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ – ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში“,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე – იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო მათი განცხადების გარეშე გაათავისუფლეს. ბასილაიას შეფასებით, ეს ლუსტრაციაა იმისა, რომ პატიმრები თვეების განმავლობაში ციხეში უკანონოდ ისხდნენ.