“ვენაცვალე პუტინს ყვერებში ქი გიქნათ ნაქნარი, თქვენთან შედარებით კაცია კაცური” – ამ და რუსეთის ხელმძღვანელის მისამართის სხვა ბევრი საქებარი სიტყვების ფრქვევა, შემოქმედის ეპარქიის ლიხაურის ეკლესიის სასულიერო პირმა, მამა დემეტრემ, ისტერიულად, მას შემდეგ დაიწყო, როცა ჩვენ, ჟურნალისტები, მამა იოსებ ღლონტს, მისივე მიწვევით, ლიხაურის საცხოვრებელ სახლში ახსნა განმარტებების მოსასმენად დღეს ვეწვიეთ.
მამა იოსებისაგან, ლიხაურის ეკლესიის წინამძღვარისაგან განსხვავებით სასულიერო პირი ძალიან აგრესიული იყო და ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობას ჟურნალისტებს აბრალებდა და არც მალავდა რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი დახვრეტა აუცილებლობას წარმოადგენდა.
მამა დემეტრე ბილწსიტყვაობდა და აგინებდა ყველას და ყველაფერს რაც და ვინც მისი გაგებით ხელისუფლების საწინააღმდეგო ან წინააღმდეგი იყო.
მამა იოსებთან საუბარს იქვე მყოფი ერთი მორჩილიც არ გვაცლიდა და გვიმტკიცებდა, რომ ის იმყოფებოდა 5 ივლისის აქციაზე თბილისში და მისი მტკიცებით ყველაფრის პროვოცირება ჟურნალისტებმა მოახდინეს:
“თქვენ ჟურნალისტები მოვარდით და პირდაპირ გინება დაგვიწყეთ ყველას, მღვდლებს და ხალხს” – ირწმუნებოდა მორჩილი.
მამა დემეტრე მთელი ჩვენი იქ ყოფნის დროს, დაახლოებით ერთი საათი პუტინს ქებათა ქებას უძღვნიდა, პარალელურად მიხეილ სააკაშვილს წყევლიდა, ჩვენ კი თვალებს ისე გვიბრიალებდა და ისე იწევდა ჩვენსკენ, რომ არა ვიდეოგადაღება, იქვე ეკლესიის ძირში მიგვაწვავდა კოცონზე.
შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირი, კერძოდ კი ლიხაურის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოსებ ღლონტი, ამ დღეებში სკანდალში გაეხვა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
მამაომ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დამონტაჟებული პორნოგრაფიული ფოტო დადო.
ამ ქმედების გამო მისი საქციელი გაკიცხვის საგანი გახდა. ბევრმა კი ამის უკან სასულიერო პირის მხრიდან საზოგადოებაში მიზანმიმართული ზიზღისა და ბოროტების ტირაჟირება დაინახა.
“გურიის მოამბემ” დღეს ლიხაურის ეკლესიაში სტუმრობა და მამა იოსების ნახვა გადაწყვიტა.