ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 48%-ის აღება საკმაოდ რეალურია. ღამის კურიერში მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამაში ოპოზიციის ბოლოდროინდელი ტაქტიკა ძალიან ეხმარებათ.
“მგონია, რომ ჩვენთვის ამოცანა არ უნდა იყოს 43%. ჩვენ ვთქვით დღეს, რომ ჩვენი ამოცანაა იმავე შედეგის გამეორება, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე. ეს არის პრინციპულად ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღება. მე ვფიქრობ, რომ 48%-ის აღება საკმაოდ რეალურია ამ შედეგის განმეორება და ამისათვის ბუნებრივია ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება და ოპოზიციის ბოლოდროინდელი ტაქტიკა ამაში ძალიან გვეხმარება”, — განაცხადა კობახიძემ.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ გასაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამეტო არჩევების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.